ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოს ხელმძღვანელობა ‘ნაციონალებმა’ სამი თვით გაიხანგრძლივეს [Video]

14 ნოემბერი, 2012 • 963
ქუთაისის საკრებულოს ხელმძღვანელობა ‘ნაციონალებმა’ სამი თვით გაიხანგრძლივეს [Video]

სხდომაზე თავმჯდომარის – ამირან ხვადაგიანისთვის და მისი პირველი მოადგილის – ლევან კირკიტაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი არავინ დაუჭირა. რაც შეეხება მეორე მოადგილეს, რომელიც “ქრისტიან-დემოკრატიული” ფრაქციის წევრია, მის ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მერაბ მეშველიანი დაინიშნა.

 

„ამ ბოლო დროს დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა საკრებულოს უმრავლესობა დატოვა და არჩია იყვნენ ნეიტრალურ პოზიციაში. ბუნებრივია, ისმება საკითხი, საკრებულოს არსებულ ხელმძღვანელობას კვლავ გააჩნია უმრავლესობის ნდობა,“ – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალრბის” წევრმა ტატო მესხმა.

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალების” წევრ გიორგი უკლებას თქმით, ეს გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” ერთიანობის დემონსტრირებაა:

 

„ჩვენ დავუსვით წერტილი ყველა ჭორსა და მითქმა-მოთქმას ჩვენი გუნდის ერთიანობაზე“.

საკრებულოს დამოუკიდებელი ფრაქცია „ქუთაისის“ ლიდერის მამუკა მღვდელაძის განმარტებით, საკრებულოს სხდომა არალეგიტიმური იყო, რადგან წევრებს პროცედურების დარღვევით შეატყობინეს სხდომის შესახებ:

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა მუმიფიცირება და ახალი მუმია გვყავს დღეს, რომელიც ადრინდელი მუმიებისგან განსხვავებით, ძალიან მალე გაიხრწნება“. 

მღვდელაძის განმარტებით, ფრაქცია „ქუთაისი“, “ქრისტიან-დემოკრატები” და დამოუკიდებელი მაჟორიტარები აღნიშნული საკრებულოს სხდომის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს.

 

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საკითხის ხელმეორედ დაყენება საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ 3 თვის შემდეგ შეიძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი