ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს რასმუსენმა და ივანიშვილმა

14 ნოემბერი, 2012 • 863
რაზე ისაუბრეს რასმუსენმა და ივანიშვილმა

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ განმარტა მისი განცხადების შინაარსი, რომელიც მან პრაღაში 12 ნოემბერს გააკეთა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე და სადაც გამოხატა წუხილი და შეშფოთება საქართველოში “პოლიტიკური ოპონენტების დაკავვების” გამო.

 

რასმუსენის თქმით, მისი შეშფოთებისა და წუხულის საგანი იქნება საქართველოში ბოლოდროინდელი დაკავებები, თუკი ამ საქმეების გამოძიება და სასამართლო განხილვები იქნება პოლიტიკურად მოტივირებული:

 

“ეს ზიანს მიაყენებს ქვეყნისა და მთავრობის იმიჯს,” – განაცხადა რასმუსენმა.

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამ კუთხით მისი პოზიცია სრულ თანხვედრაშია ნატოს გენერალური მდივნის შეხედულებებთან.

 

“ჩვენ არ ავცდით და ორივე მხრიდან გამოვხატეთ მწუხარება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც იყო საქართველოში, მხედველობაში მაქვს დაპატიმრებები… ჩვენ ნამდვილად გვქონდა საუბარი და შეშფოთებას, რომელსაც გამოთქვამს გენერალური მდივანი, ჩვენ თანხვედრაში მოვდივართ და ჩვენც ვიზიარებთ მწუხარებას – ეს არ იყო პოლიტიკური დევნა. ძველი ხელისუფლება ძალიან ცდილობს, რომ ამას მისცეს პოლიტკური დევნის სტატუსი, მაგრამ დანაშაულები იქნება დამტკიცებული. აბსოლუტურად იდენტურია ჩემი და ბატონი გენერალური მდივნის ხედვები. მე მივეცი ამის პირობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი არ იყოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, მან შესთავაზა ნატოს გენერალურ მდივანს, რომ ნატოს სამუშაო ჯგუფმა მიიღოს ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა აღნიშნული საქმის მონიტორინგის პროცესში:

 

“თუმცა ბატონმა რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა და არ ჩათვალა ეს საჭიროდ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართულმა დელეგაციამ ასევე დიდი წუხილი გამოთქვა ნატოს სამხედრო კომიტეტის თბილისში ვიზიტის გადადების გამო:

 

“თუმცა ბატონმა გენერალურმა მდივანმა დამაწრუნა, რომ ეს ვიზიტი აუცილებლად შედგება საქართველოში”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა დღემდე საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე რასმუსენის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობა, როგორც დემოკრატიის გამოცდისა, რომელიც ქართველმა ხალხმა წარმატებით ჩააბარა.

 

“გენერალური მდივნისგან იქნა დაპირება, რომ აუცილებლად გაკეთდება აქცენტი დეკემბერში, ნატოს მინისტერიალზე, რომ საქართველომ ჩააბარა გამოცდა და აღინიშნება დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია,” – აღნიშნა ივანიშილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნატოს შესატყვისი სამხედრო ნაწილები ჰყავდეს და უზრუნველყოს ჭეშმარიტად დემოკრატიული ინსტიტუების შექმნა და ფუნქციონირება, რათა საქართველომ უახლოეს მომავალში მოახერხოს და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

 

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ახალ მთავრობასა და პრეზიდენტს, შეინარჩუნონ კონსესუსი რეფორმების კურსის გასაგრძელებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატოში სრულ ინტეგრაციას.

ბიძინა ივანიშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი
ბიძინა ივანიშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი

მასალების გადაბეჭდვის წესი