ახალი ამბები

ივანიშვილი ‘სოკარის’ პრეზიდენტს ამჯერად ბრიუსელში შეხვდა

14 ნოემბერი, 2012 • • 1250
ივანიშვილი ‘სოკარის’ პრეზიდენტს ამჯერად ბრიუსელში შეხვდა

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, როვნაგ აბდულაევთან შეხვედრა პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის დღის წესრიგით არ ყოფილა გათვალისწინებული. “სოკარის” პრეზიდენტთან გამართულ ორსაათიან დახურულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი იმყოფებონენ. 

 

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა გაზის ტარიფის საკითხზე იმსჯელეს და დამატებითი დეტალები შეხვედრის შესახებ არ გასაჯაროვდება. როვნაგ აბდულაევს ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელის შემდეგ თბილისში შეხვდება. მხარეებს შორის დაგეგმილი შეხვედრის თარიღი ამ დროისათვის ცნობილი არ არის. 

 

ბრიუსელში 13 ნოემბერს გამართულ დაუგეგმავ შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილი როვნაგ აბდულაევს თბილისში 9 ნოემბერს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი “სოკარის” ახალი ოფისის გახსნაზე მივიდა. მხარეებს შორის გამართულ დახურულ შეხვედრაზე გაზის ტარიფის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაზის ტარიფის შემცირების რესურსი ქვეყნის შიგნით უნდა მოვძებნოთ.

 

თბილისში, “სოკარის” ოფისში გამართულ დახურულ შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ, რომელიც იქ აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით მივიდა.

 

კახი კალაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გაზის ტარიფზე საუბარი არ ყოფილა:

 

“ტარიფზე კონკრეტული საუბარი დღეს არ ყოფილა, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად გვექნება “სოკართან” მსჯელობა, თუ რამდენად შესაძლოა ტარიფების  გადახედვა”.

 

საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებსა და “სოკარის” ხელმძღვანელობას შორის შეხვედრებს წინ უძღვოდა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაზის ტარიფის შემცირების მიზნით შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობას “სოკართან” გაფორმებული ხელშეკრულება გადაეხედა, რასაც აზერბაიჯანული კომპანიის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მოგვიანებით საქართველოს მთავრობის მხრიდან გაკეთდა განმარტებები, რომ ხელისუფლება ამ ხელშეკრულების გადახედვას არ გეგმავს და ტარიფების გაიაფების გზას ქვეყნის შიგნით მოძებნის. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით სამომხმარებლო ტარიფს სემეკი (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომპანია) ადგენს.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება აზერბაიჯანთან გაზით მომარაგების შესახებ 2030 წლამდეა გაფორმებული. საშუალო შეწონილი ფასი თბოსადგურებისათვის აზერბაიჯანულ გაზზე 1000 კუბ.მეტრზე 143 დოლარია. 1000 კუბურ მეტრ სოციალურ გაზში კი საქართველო 155 დოლარს იხდის. საქართველო ასევე მოიხმარს სომხეთში ტრანზიტზე გატარებული გაზის მოცულობის 10%-ს.   

 

კოალიცია “ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს მოსახლეობას დაპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ელექტროენერგიის და გაზის ტარიფს შეამცირებდა.

ბიძინა ივანიშვილი, როვნაგ აბდულაევი
ბიძინა ივანიშვილი, როვნაგ აბდულაევი

მასალების გადაბეჭდვის წესი