ახალი ამბები

“GDS” გასართობ არხად გადაკეთდა, რა ელის “მაესტროს”?

21 თებერვალი, 2017 • 2995
“GDS” გასართობ არხად გადაკეთდა, რა ელის “მაესტროს”?

ფლობს თუ არა “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” ტელეიმედისა და ჯი დი ეს-ის გარდა, ტელეკომპანია მაესტროსაც და შეინარჩუნებს თუ არა “მაესტრო” საინფორმაციო პროგრამებს? ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ყოფილი ტელევიზია ჯი დი ესი უკვე გადაკეთდა გასართობ არხად.

ტელეკომპანია მაესტრომ იანვრის ბოლოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარადგინა შესაბამისობის დეკლარაცია, რომლის მიხედვით ტელეკომპანიის მფლობელობაში ცვლილებები ასახული არ არის, არადა, “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” მფლობელმა ინა გუდავაძემ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები და “მაესტროს” საკონტროლო პაკეტი 2017 წლის იანვრიდან ამ კომპანიის საკუთრებაში გადაინაცვლებდა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, მაესტროს წილის 25%-ს ოფშორული კომპანია “მედია ფინანს გრუპ” ფლობს. საქართველოს კანონმდებლობა მაუწყებლებს ავალდებულებს ოფშორული კომპანიების ბენეფიციარი პირების იდენტიფიცირებას, რაც უნდა აისახოს ტელევიზიის მიერ GNCC-ში წარდგენილ შესაბამისობის დეკლარაციაში. ამ დეკლერაციის მიხედვით, რომელიც მაესტრომ ბოლოს 2017 წლის იანვრის ბოლოს წარადგინა, “მედია ფინანს გრუპის” ბენეფიციარი მესაკუთრე ისევ მაკა ასათიანია. თუმცა ასათიანი ადვოკატი გიორგი გვენეტაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ამ კომპანიის წილი მისმა კლიენტმა უკვე გაასხვისა.

“მაკა ასათიანმა “მაესტროს” წილი გაასხვისა, გაყიდა. საქართველოს საჯარო რეესტრშიც თქვენ მაკა ასათიანს ვერ ნახავთ მეწილედ, იქ არის მითითებული ჰოლანდიური კომპანია “მედია ფინანს გრუფი”, მაკა ასათიანი იყო ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, ჯერ კიდევ შარშან, მან თავისი წილი გადასცა ჰოლანდიურ კომპანია “მედია ფინანს გრუფს” და იმის შემდეგ, მაკა ასათიანი, უშუალოდ, როგორც ფიზიკური პირი, “მაესტროს” მეწილე არ იყო. მისი კომპანია იყო მფლობელი. იმ კომპანიის წილი გაასხვისა მაკა ასათიანმა “იმედის” მფლობელებზე და შესაბამისად, ცხადია ის აღარ არის მეწილე. მე არ ვიცი, ჰოლანდიაში წილის გადაცემის რეგისტრაცია მოხდა თუ არა, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მაკა ასათიანს წილი “მაესტროში” არცერთი ფორმით აღარ გაჩნია”, – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების დარეგისტრირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა აცნობონ ცვლილების შესახებ კომისიას. GNCC-ის ინფორმაციით, მაესტროს ჰქონდა ვალდებულება 1 თებერვლამდე წლიური ანგარიში წარედგინა. მაესტრომ ამგვარი ანგარიში 28 იანვარს წარადგინა, რომლის თანახმადაც მფლობელები კომპანიას არ შეცვლილა.

კომისიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია “მაესტროს” გასხვისების შესახებ აქვთ და ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი კომპანიასთან მიმოწერას აწარმოებენ:

“გვაქვს ეს ინფორმაცია, კომისია არ არის სამართალდამცავი ორგანო, რომელსაც აქვს სხვა უფლებამოსილებები, თუ რა საკითხები შეისწავლოს. კომისია ამ შემთხვევაში კომპანიის პასუხისმგებლობით იღებს დოკუმენტს, რომელშიც რაღაც ინფორმაციიაა მიწოდებული და ამ ინფორმაციას ენდობა. თუ სხვა რამ გამოვლინდა და კომისიას არ აქვს უფლებამოსილება უშუალოდ შეისწავლოს ეს საკითხი უკვე მიმართავს  სხვა ორგანოებს, მაგრამ ამ შემთხვევაში კომისიასა და ტელეკომპანია მაესტროს შორის გარკვეული მიმოწერა მიმდინარეობს, რომ იურიდიულ ჩარჩოებში განხორციელდეს ის, რაც ინა გუდავაძის საჯარო განცხადებაში იყო ნათქვამი, შესაბამისად პროცესში ჩართულია მარეგულირებელი ორგანო”.

კანონის მოთხოვნის თანახმად, დაუშვებელია საერთო საეთერო მაუწყებლობა იყოს ერთი პირის ხელში, შესაბამისად, თუ სამი მაუწყებლის გაერთიანებით მას ერთი მფლობელი ეყოლება “მაესტრო”  საინფორმაციო ფორმატიდან გასართობ ფორმატზე უნდა გადაერთოს, თუმცა რეალურად როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ამაზე მარეგულირებელი კომისია იმსჯელებს:

“ცალსახად ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება რთულია. კონცენტრაციის აკრძალვის ნაწილში კანონით დაუშვებელია საერთო საეთერო მაუწყებლობა იყოს ერთი პირის ხელში, ტექნოლოგიები განვითარდა და მაუწყებლობის გავრცელების სხვადასხვა ტექნოლოგია არსებობს, კანონში ეს აკრძალვა მიბმული იყო რადიოსიხშირის სპექტრის შეზღუდულ რაოდენობასთან, ამოწურვადი რესურსი იყო და რომ არ მომხდარიყო სრული სპექტრის ერთი პირის ხელში კონცენტრაცია. საეთერო მაუწყებლობა ახლა ჩვენ გვაქვს ციფრულ ფორმატში, რაც ნიშნავს, რომ იმდენი რესურსია ხელმისაწვდომი ბაზარზე, რამდენი მოთხოვნაც ჯერ-ჯერობით არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ კანონმდებლობა ტექნოლოგიის განვითარებას ჩამორჩება დღეს. თუმცა რადგან ეს აკრძალვა კანონში არის, კომისია იხელმძღვანელებს არსებული კანონმდებლობით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მაუწყებლობა გავრცელდეს საკაბელო  ქსელის გამოყენებით, თანამგზავრის და ინტერნეტის საშუალებით, შესაბამისად, შეიძლება ეს პროცესი საკანონმდებლო ჩარჩოში ჩაჯდეს  “მაესტროს” სახის შეუცვლელად”,- აცახადებენ  GNCC-ში

მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა ინა გუდავაძემ 2016 წლის 28 დეკმბერს  განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკვშირებით წარმატებით დასრულდა. მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა ტელეკომპანია ჯი-დი-ესის წილის 100%- ის იყიდა. შესაბამისი გარიგება რეესტრში 2017 წლის 28 იანვარსაა ასახული. GDS-ის 100% ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა იყიდა ბერა ივანიშვილისგან.

მაესტროს შესაბამისობის დეკლარაციის მიხედვით, ტელეკომპანიის წილის 25%-ს ფლობს მაკა ასათიანის კომპანია “ჯორჯიან ფინანს გრუპი”, 15%-ს მამუკა ღლონტი, 5%-ს  – ეკა აკობია და 55%-ს გიორგი გაჩეჩილაძე, თუმცა ამ 55%-დან 25% წილის გასხვისების უფლება არ აქვს “მაესტროს ” კაპიტალში ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე. გაჩეჩილაძემ გასული წლის ბოლოს “ნეტგაზეთს” ასევე განუცხადა, რომ თავისი 55%-დან 30% წილი, რაზეც შეზღუდვა არ აქვს, ინა გუდავაძის კომპანიას მიყიდა. თუმცა არც ერთი ეს ცვლილება მაესტროს დოკუმენტაციაში სამართლებრივად ასახული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი