ახალი ამბები

შსს: გამოძიების სტანდარტი უფრო მაღალია, ვიდრე ინფორმაცია პირის სექსუალურ მიმდევრობაზე

20 თებერვალი, 2017 • 1859
შსს: გამოძიების სტანდარტი უფრო მაღალია, ვიდრე ინფორმაცია პირის სექსუალურ მიმდევრობაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა ხოლმე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაბამისი მუხლით დაკვალიფიცირების შესაძლებლობას. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სამინისტროების მიერ ომბუდსმენის მხრიდან გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ისმენენ ანგარიშს.

შალვა ხუციშვილის თქმით, გამოძიების სტანდარტი უფრო მაღალია, ვიდრე საზოგადობაში გახმიანებული ინფორმაცია ადამიანების გენდერულ იდენტობასა თუ სექსუალურ ორიენტაციაზე:

“ჩვენ არანაირი მოტივაცია და საფუძველი გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ, ან არ გამოვიძიოთ ეს საქმეები, პირიქით. უბრალოდ, ხშირად გამოძიების სტანდარტი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საზოგადოებაში გაჟღერებული ინფორმაცია ამა თუ იმ ადამიანის  გენდერულ თუ სექსუალურ მიმდევრობასთან და ორიენტაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამოძიების ნაწილში ეს პრობლემა შეიძლება იდგეს. თუ ფიქრობთ, რომ კანონმდებლობის დახვეწაა საჭირო, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ. რამდენიმე საქმეზე მაქვს ინფორმაცია და  საკმარისი  მტკიცებულებები არ იყო იმისათვის, რომ საქმე გადაკვალიფიცირებულიყო. ”

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასეთი საქმეების გამოსაძიებლად ცალკე ორგანოს ჩამოყალიბება ეფექტური ვერ იქნება:

“ჩვენ გვინდა პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლება თუნდაც ოჯახში ძალადობის და თუნდაც ამგვარი ქეისებისთვის. ამიტომ 2017 წლის განამვლობაში ვგეგმავთ ჩვენი თანამშრომლების მომზადებას ამ ტიპის დანაშაულების პრევენციის მიმართულებით. ასეთი საქმეების გამოსაძიებლად  ცალკე დანაყოფის შექმნა არ მიგვაჩნია ეფექტურად. მაგალითად, ბათუმში რომ მოხდეს დანაშაული, იქიდან უნდა ჩამოვიდეს ადამიანი [გამომძიებელი]. ”

ტრანსფობიის ნიადაგზე საქართველოში არაერთხელ დაფიქსირდა ტრანსგენდერ ქალებზე ძალადობის ფაქტი, მათ შორის, ადგილი ჰქონდა ძალადობის ნიადაგზე რამდენიმე მათგანის მკვლელობასაც კი. თუმცა, როგორც წესი, გამოძიება საქმეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მუხლით არ აკვალიფიცირებს. 


 

გენდერული ან  სექსუალური მიმდევრობა, ისევე როგორც ტერმინი “ჰომოსექსუალიზმი”, დისკრიმინაციულ გამონათქვამებად მიიჩნევა, რადგან  ამყარებს სტეროტიპს, რომ ჰომოსექსუალობა არა იდენტობა, არამედ რაღაცის “მიმდევრობაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი