ნეტგაზეთი | შალვა შავგულიძე “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე გახდა შალვა შავგულიძე “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე გახდა – Netgazeti
RU | GE  

შალვა შავგულიძე “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე გახდა

პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს. შავგულიძეს მხარი პარტიის დელეგატებმა დღეს, 19 თებერვალს გამართულ პარტიის ყრილობაზე დაუჭირეს.

პარტიის ყრლობას ეწრებოდა მისი ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ალასანიაც. როგორც ალასანიამ ყრილობის შემდეგ ჟუნრალისტებს განუცხადა, ის რჩება “თავისუფალი დემოკრატების” წევრად, თუმცა მის საქმიანობაში აქტიურად არ იქნება ჩართული. ირაკლი ალასანიას თქმით, ის საქმიანობას ბიზნესის სფეროში გააგრძელებს.

პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან დროებით წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ეს თანამდებობა დატოვა.


2016 წლის 10 ოქტომბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ  გორში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს და პოლიტიკიდანაც დროებით მიდის.  ალასანიას შემდეგ “თავისუფალი დემოკრატები”  ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა დატოვეს.

როგორც ირაკლი ალასანიამ 2016 წლის 10 ოქტომბერს  განაცხადა, პარტია თავისუფალი დემოკრატები არჩევნებში დამარცხების შემდეგ რეორგანიზაციასა და განახლებას იწყებს. პარტია მოემზადება და გააგრძელებს ბრძოლას შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში. ალასანიამ კი თავად დროებით დატოვა პოლიტიკა.

პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მათ ხმების 4.62% მიიღეს.

პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დაფუძნდა 2009 წელს.

2012 წლის 21 თებერვალს ექვსი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დაფუძნდა კოალიცია „ქართული ოცნება“. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართულ ოცნებასთან”, რესპუბლიკელებთან, ეროვნულ ფორუმთან, კონსერვატორებთან და მრეწველებთან ერთად ხელი მოაწერეს კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციას. კოალიცია პარტიამ 2014 წლის 5 ნოემბერს დატოვა და დამოუკიდებლად გააგრძელა საქმიანობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.