ახალი ამბები

ნანუაშვილი: პრობლემაა, რომ დეკანოზის დაცვას გარკვეული დეტალების გამჟღავნების უფლება არ აქვს

18 თებერვალი, 2017 •
ნანუაშვილი: პრობლემაა, რომ დეკანოზის დაცვას გარკვეული დეტალების გამჟღავნების უფლება არ აქვს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღეს ჩაფიძის კლინიკაში მივიდა, სადაც გუშინ საღამოს გადაიყვანეს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დეკანოზი გორგი მამალაძე.

“დეკანოზი მხნედ არის, ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და ძალიან მნიშვნელოვანია და ველოდებით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება უახლოეს მომავალში. მე ადრეც განვაცხადე, რომ არის მთელი რიგი წინააღმდეგობები ოფიციალურ ვერსიასა და იმ მონათხრობს შორის, რომელიც მე დეკანოზისგან მოვისმინე. ჩვენ დღეს ნაკლებად გვქონდა შესაძლებლობა ამაზე დეტალურად გვესაუბრა, მაგრამ სახალხო დამცველი დეტალურად სწავლობს ამ საქმის გარემოებებს…

პრობლემები არის უკვე დასაწყისიდანვე, როდესაც რეალურად ცალ კარში თამაში მიმდინარეობს, დაცვას არა აქვს უფლება, გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს, დაიცვას თავი და დაიცვას ბრალდებული, მაშინ, როდესაც ყველა სხვა ჩართული მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლებლობა აქვს, ეს რა თქმა უნდა არის თავიდანვე სერიოზული პრობლემა. სხვას რომ თავის დავანებოთ, იმ ალოგიკურობას მთელ რიგ საკითხებში, რომელიც უკვე გამომჟღავნდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ პროცედურულ დარღვევებზე, რომელიც რეალურად დგას ამ ეტაპზე, თუნდაც ის, რომ დაცვის მხარეს არ აქვს შესაძლებლობა ისაუბროს და გადის არაერთი დღე, მაშინ როცა ყველა ჩართული მხარე საუბრობს და შინაარსობრივ დეტალებს ახმოვანებს, არის ძალიან სერიოზული პრობლემა”, – განუცხადა ნანაუშვილმა ჟურნალისტებს.

ექიმ ზაზა ლაზარაშვილი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, აუცილებელი კვლევები ტარდება:

“ამჟამად მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება გამოირიცხა და გრძელდება მკურნალობა და კვლევები პროტოკოლის მიხედვით, რომელიც მის ამნეზოლოგიას შეესაბამება”.

ექიმის თქმით, ზოგიერთი კვლევა 24 საათს გრძელდება და შესაბამისად, პაციენტი ისევ კლინიკაში დარჩება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 17 თებერვალს, 20:00 საათზე გონების კარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.

დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საავადმყოფოში ისე გადაიყვანეს, რომ ამის შესახებ ადვოკატი ინფორმირებული არ იყო. ადვოკატმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მაღალი სიცხე და წნევა ჰქონდა.


რა ვიცით აქამდე?

  • დეკანოზი გიორგი მამალაძე  მკვლელობის მომზადების ბრალდებით  პროკურატურამ 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. ამის შესახებ საჯაროდ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს განაცხადა, მას შემდეგ რაც ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.
  • „ნატრიუმის ციანიდი“- პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან ეს ნივთიერა ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.
  • გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას მოქალაქემ შეატყობინა ამის შესახებ. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”.
  • 13 თებერვალს პროკურატურმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი