სამუშაო ჯგუფს გადაეცა თბილისის ჰელსინკის ჯგუფის მიერ კომიტეტში გაგზავნილი პოლიტიკური მოტივებით დაკავებული თუ ძებნილი პირების სია (185 პატიმარი და 13 ძებნილი პირი). გარდა ამისა, მუშაობის დაწყების შემდგომ კომიტეტს წარედგინა სხვა განცხადებებიც, რაც პერიოდულად სამუშაო ჯგუფს ეგზავნება განსახილველად. ჯგუფმა უნდა დაადგინოს, ამ სიაში მითითებული პირები წარმოადგენენ თუ არა პოლიტიკურ პატიმრებს.

 

საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით ან სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტით, პოლიტპატიმრის დეფინიცია დადგენილი არ არის. თუმცა  მიმდინარე წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია #1900, რომლითაც დაადგინა პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია. საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს ევროპის საბჭოს მოთხოვნები და პოლიტპატიმრების საქმეთა შესწავლისას გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული რეზოლუცია.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ სტატუსის განსაზღვრა მოხდებოდა სწორედ ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად:

 

“თუმცა სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის. სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლევა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლის ავრცელებენ.

 

აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ დადგენილი ორკვირიანი ვადის ფარგლებში და ჯგუფის მიერ განსაზღვრული ფორმატით შეუძლებელია 185 პოლიტიკური პატიმრისა და 13 პოლიტიკური დევნილი პირის საქმეებზე სრულყოფილი დასკვნების მომზადება:

 

“ჩვენთვის ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატის ვადის გაგრძელება არ იგეგმება, რაც საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას არ იძლევა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ვერ კისრულობს ამ ფორმატით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის ვალდებულებას”.

 

საიასა და “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია, პარლამენტი პოლიტპატიმრების საკითხს სიღრმისეულად მიუდგეს, უზრუნველყოს სამართლიანი და ობიექტური პროცედურები, რათა საზოგადოებას უსამართლობის განცდა არ გაუჩნდეს:

 

“ამასთან, უცნობია, თუ რა პროცედურით აპირებს პარლამენტი სამუშაო ჯგუფის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტმა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. ამასთან, ამ პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამ მიმართულებით.”

 

სამუშაო ჯგუფში მუშაობის ჯგუფის შეწყვეტის მიუუხედავად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი გამოხატავენ მზადყოფნას, მათ მიერ წარმოებული საქმეები და მომზადებული დასკვნები წარადგინონ ჯგუფში და ამ მხრივ დაეხმარონ მას მუშაობაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *