ახალი ამბები

ხეები ჭრის შესახებ სხდომა საპარლამენტო კომიტეტში გარემოსდამცველებმა დატოვეს

16 თებერვალი, 2017 • 3662
ხეები ჭრის შესახებ სხდომა საპარლამენტო კომიტეტში გარემოსდამცველებმა დატოვეს

დღეს, 16 თებერვალს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომა, სადაც ხეების ჭრასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მსჯელობდნენ, პროტესტის ნიშნად რამდენიმე ადამიანმა დატოვა.

სხდომაზე  დეპუტატ დავით სონღულაშვილის ინიცირებულ კანონპროექტი და ამ კანონპროექტზე კომიტეტის მიერ მომზადებული შენიშვნები განიხილეს.  კანონპროექტის მიხედვით, თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებული, ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული, ან ფაუტია, ხოლო აღნიშნული ფაქტი და დაავადებული მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, მწვანე ნარგავის ჭრა დასაშვებია. პროექტის მიხედვით, ტერიტორიის მესაკუთრე საკომპენსაციო თანხის გადახდისგან თავისუფლდება.

სხდომაზე “მწვანე ალტერნატივამ” და “პარტიზანმა მებაღეებმა” დავით სონშულაშვილს წინადადებით მიმართეს, რომ მის მიერ ინიცირებული პროექტი უკან გაითხოვოს და სამუშაო ჯგუფმა მომდევნო თვეებში გააგრძელოს მუშაობა. თუმცა, დავით სონღულაშვილისგან პასუხი ვერ მიიღეს, რის გამოც პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ სხდომა დატოვა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფში მიმდინარე პროცესი ფარსია:

“ეს ყველაფერი არის ფარსი. ჩემი მოთხოვნა არის, რომ დავით სონღულაშვილმა კანონპროექტი გაიწვიოს უკან და შემდეგ პუნქტობრივად გავაგრძელოთ განხილვა. ამაზე ის ამბობს უარს და აცხადებს, რომ გარემოს დამცველია. ეს არის ტყუილი. ჩვენ სამწუხაროდ და საუბედუროდ მოგვიწევს კონფროტაციის და მიტინგების რეჟიმში საუბარი, რადგან ეს შეხვედრა იყო “ქართული ოცნების” სტრატეგიის გამეორება, რომ სამოქალაქო სექტორი მიგვაჩუმოს,” – აღნიშნავს ფერაძე.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საინიციატივო ჯგუფის  – “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” წევრმა,  ანანო ცინცაბაძემ. მისი თქმით, სხდომაზე წარმოდგენილი პროექტები  პრობლემას კომპლექსურად არ აფასებს და არ განსაზღვრავს სტანდარტს, თუ როგორ უნდა მოხდეს გარემოსა და მწვანე ნარგავების დაცვა:

“ძალიან ვიწრო ხედვის კანონპროექტებია, რომლებიც რეალურ ცვლილებებს გარემოსთვის არ მოიტანს, მაგრამ შეიძლება მოიტანოს ბიზნესისთვის, რომლებიც ხეებს ჭრიან. მე დავტოვ სამუშაო ჯგუფი, რადგან მიმაჩნია, რომ ამ ფორმატში განხილვა არანაირ ცვლილებას არ მოიტანს.”

“მწვანე ალტერნატივის” წევრი ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის გაწვევა კარგი ჟესტი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჯგუფისს მუშაობის აზრს ვერ ხედავს:

“ამ კანონპროექტის განხილვა ცალკე მიდის, ის შეიძლება პარლამენტის სხდომაზე გაიტანონ. ჩვენ აქეთ ცალკე ვმუშაობთ. რა აზრი აქვს ჯგუფის მუშაობას, თუ ის კანონპროექტი დაამტკიცეს? თუ თანამშრომლობაზე არიან მოწოდებული, პროექტი უნდა გაიწვიოს. თუმცა, ამას ვერავინ დააძალებს”.

რატომ არ იწვეთ კანონპროექტს უკან? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” დავით სონღულაშვილს მიმართა. მისი თქმით, კანონპროექტის გაწვევაზე არც უარი უთქვამს და არც თანხმობა განუცხადებია:

“კომიტეტის წარმოდგენილი შენიშვნები პრინციპულად მიუღებელი არ არის. გაწვევას რაც შეეხება, არც დავთანხმებულვარ და არც უარი მითქვამს.  ულტიმატუმის ენით გელაპარაკებიან, გაიწვიე, თორე არ ვიმუშავებო, ასე რატომ უდგებიან საკითხს?  პრინციპების დონეზე ეთანხმებოდნენ კანონპროექტს  და ახლა ამბობენ, გაიწვიეო. ასე არ არის, ასე არ ხდება. უარი არ მითქვამს, შიდა მსჯელობის საგანია. პროცედურულადაც არ ვიცი რა ხდება და როგორ ხდება [გაწვევა]. კომიტეტთან გავივლი მაგ საკითხს და ჩამოვაყალიბებ ჩემს პოზიციას,” – აღნიშნა სონღულაშვილმა.

2016 წლის 19 დეკემბერს კომპანიამ  “M² უძრავი ქონება” საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება სთხოვა,  რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრის საკითხის დარეგულრებას ეხება. მეორე დღს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა საკანონმდებლო წინადადების ინიცირებას მხარი დაუჭირეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი