კერძოდ, გაფიცულმა მძღოლებმა მოითხოვეს, თანამდებობა დატოვონ თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან კოპლატაძემ.
ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ პროფკავშირის წარმომადგენელი ამჟამად მერიასთან გაფიცულ მუშებთან ერთად იმყოფება, თუმცა თავად ტრანსპორტის პროფკავშირი არ იზიარებს პოლიტიკურ მოთხოვნებს.
ალანიას თქმით, ისინი ემხრობიან იმ 16 მოთხოვნას, რომელიც გაფიცული მძღოლების სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
ალანიას ინფორმაციით, გაფიცულმა მძღოლებმა გადაწყვეტილების მიღების ვადად თბილისის მერიას საღამოს 6 საათი დაუდგინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობუსების გაფიცვა გაგრძელდება.
საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, შეხვედრას ქართული ოცნების წევრი სოსო ჯაჭვლიანი ესწრებოდა. ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოთხი დღის განმავლობაში მძღოლები ვერ ახერხებდნენ მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და სთხოვეს,რომ დახმარებოდა მათთან შეხვედრაში, რის გამოც იგი დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა.
