იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილების მიხედვით, სასამართლო ვალდებულია სასამართლო პროცესის აუდიო/ვიდეოჩაწერა განახორციელოს. ხოლო ჩანაწერების მოთხოვნისთანავე გასცეს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება დახურული, ან ნაწილოვრივ დახურულია.
კანონს საერთო სასამართლოების შესახებ ემატება მე-13 მუხლი, სადაც მეორე პუნქტში განმარტებულია მედიასაშუალებების მუშაობის საკითხი. ამ ცვლილების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართო პროცესის გადაღება, ხოლო სხვა მაუწყებელებს და მედიასაშუალებებს გადაღება შეეძლებათ მხოლოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ არასწორია მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის გამოყოფა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს ტელეკომპანია არაა კერძო და არის საზოგადოებრივი მაუეწყებელი. რაც შეეხება სხვა მედიასაშუალებებისთვის გადაღების საჭიროების დასაბუთებას, ჯანეზაშვილი ამბობს:
“ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ სიტყვა დასაბუთებული სხვადასხვანაირად განიმარტოს. მედიას არ უნდა სჭირდებოდეს დასაბუთება, მედია ამზადებს მასალას. ანუ რა უნდა ამტკიცო, რამდენად მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი? არ არის ეს სწორი მიდგომა.”
ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მთავარი, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, არის ის, რომ ტელეკამერებმა და ჟურნალისტების საქმიანობამ არ უნდა შეუშალოს ხელი მოსამართლის მუშაობას პროცესის მსვლელობისას.
მისი თქმით, უკეთესი იქნება, თუ გადაღებული მასალის ტრანსლირება ისე მოხდება, რომ ყველა მედიასაშუალებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, შეუზღუდავად გადაიღებს სასამართლო პროცესებს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროცესი დახურული, ან ნაწილობრივ დახურულია) ვალდებულია სხვა მედიასაშუალებებს გადაღებული კადრები მოთხოვნისთანავე მიაწოდოს.