ახალი ამბები

ეპისკოპოსი იაკობი: საპატრიარქოს დაცვის სამსახურში პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებენ

5 დეკემბერი, 2016 • 2976
ეპისკოპოსი იაკობი: საპატრიარქოს დაცვის სამსახურში პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებენ

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა 4 დეკემბერს ქადაგებაზე განაცხადა, რომ საპატრიარქოში კონკრეტული ჯგუფი პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებს.

ქორეპისკოპოსის თქმით, ეს ჯგუფი პატრიარქის დაცვის სამსახურშია. მან განაცხადა, რომ პატრიარქთან შეთახმებით მან უკვე დაიწყო გამორკვევა, თუ ვინ არის ჩართული ამ ჯგუფში და კონკრეტული ადამიანები სამსახურს დაკარგავენ. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოშივე სცემეს ერთ ადამიანს.

საქმე ეხება გაზეთ “პრაიმ-ტაიმის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმადაც, ეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს $1.5 მილიონად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს. საპატრიარქოში მიმდინარეობს  ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა, რამაც ეკლესიის ქონების მისაკუთრების ფაქტები გამოავლინა. სტატიაში წერია, რომ მათ ინფორმაცია ამის შესახებ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

საპასუხოდ საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც გამოქვეყნებულ სტატიას “სიცრუე” და “ცილისწამება” უწოდა. საპატრიარქოს განცხადებითვე, არ შეუქმნიათ არანაირი ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოში მაღალ იერარქიაზე მყოფთა ქონებრივ დეკლარაციებს სწავლობს.

ქადეგების დროს ეპისკოპოსმა იაკობმა არ დაასახელა კონკრეტული სახელი და გვარები, თუ ვისგან გავიდა მსგავსი ინფორმაცია, თუმცა აღნიშნა, რომ “სიძეობა” არ არის იმუნიტეტი. ეპისკოპოსის თქმითვე, საქართველო პატარაა და ადვილად იგებს, “ვინ, ვის, რას უკეთებს”.

პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ “არ სმენია”, პატრიარქის დაცვის სამსახურიდან “ვინმე ან გაეშვათ, ან არ გაეშვათ”.

“ჯობია, რომ ვინც ისაუბრა ამ საკითხების შესახებ, მას დაუკავშირდეთ. მე არ ვარ უფლებამოსილი პირი, მღვდელმთავრის განცხადებებზე შეფასებები გავაკეთო,”- განუცხადა მან ნეტგაზეთს.

ასევე ვცადეთ დავკავშირებოდით პარტიარქის ძმისშვილს, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს და დაგვესვა შეკითხვები მის სიძესთან, სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით ეპისკოპოს იაკობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დარეკვისთანავე გვითხრა, რომ მის მდივანს დავკავშირებოდით. მიტროპოლიტის მდივანი ნეტგაზეთს დაჰპირდა, რომ შეკითხვებს მეუფე დიმიტრის გადასცემდა.

ნეტგაზეთის ზარებს ეპისკოპოსმა იაკობმა არ უპასუხა.

4 დეკემბრის ქადაგებაზე ეპისკოპოსმა იაკობმა ვრცლად ისაუბრა ამ საკითხზე:

“ცოტა ხნის წინ, წინა ორშაბათს, არის ასეთი გაზეთი, “პრაიმ ტაიმი”, დაიწერა ერთ-ერთ ქორეპისკოპოსზე სტატია, რომელიც იყო სიცრუე, პირდაპირ გეტყვით. ჩავეძიე, ვისგან იყო წამოსული და ვინ დაწერა. ჯერ ვინც დაწერა, გვარიც ვერ მიუთითა სწორად. მე ამას არ გეტყოდით, გუშინ უწმინდესთან რომ არ ვყოფილიყავი მისული. მივედი უწმინდესთან, გავესაუბრე, ხუთშაბათს ერთი იმ გუნდის წევრისაგან, ვინც იყო, საპატრიარქოშივე გაილახა. მაგაზეც მივედი უწმინდესთან და ჩემთან მხარში მდგომმა მიბერტყა ის ადამიანი, თუ შეიძლება ადამიანი ვუწოდოთ, თავისი ყოფაქცევით და თავისი განვლილი ცხოვრებით და დღევანდელით.

ასევე ვუთხარი ჯერჯერობით მხოლოდ ორ ადამიანზე, რომელთა მიმართაც მივიღე გადაწყვეტილება. იმ სამსახურს გავუუქმებ. უწმინდესს შევპირდი, რომ უწმინდესთან ერთად გავივლი რაღაც საკითხებს, რომ უწმინდესის ის არ დაზარალდეს, დაცვის სამსახურზე მაქვს საუბარი. ტყუილად ჰგონიათ, რომ ან სიძეობა ან რამე იმოქმედებს. არც ეპისკოპოსობა არ არის არავისთვის იმუნიტეტი. უწმინდესს გუშინ განვუცხადე, თქვენ კარგად ხედავთ, რომ დიდი ხანია საერთოდ აღარ ვჩნდები. საერთოდ ვაპირებდი ეპისკოპოსობიდან წასვლასაც. უწმინდესსაც ვუთხარი, ისეთი სიტუაციები იყო, ისე მიმდინარეობდა… მაგრამ ახლა ეკლესიის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა, ჩემი უწმინდესის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა. ამ დროს, მე  ვიტვირთავ იმას, რომ ეკლესია ასეთ ხალხისგან განვათავისუფლო. უწმინდესმა ადრეც გაუშვა მაგ სამსახური, მაგრამ ვიღაცები მაინც დარჩნენ და ვითომ ასრულებენ, მაგრამ ნამდვილად, მანამდეც და დღესაც, უხეშად ერევიან. მე თუ პირადად მეხებოდნენ, ეგ არაფერია, მე ვალდებული ვარ, მოვითმინო…

“პრაიმ-ტაიმიდან” იგივე ჟურნალისტი მირეკავდა, ახლა ჩემზე მისცეს, ეტყობა, შეკვეთა. პატრიარქი გავაფრთხილე, რომ ისინი სამსახურში მაინც ვერ ივლიან. ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ ერისთვის გაუგებარი არ იყოს. ჩემთვის ღირსება უპირველესია. ეპისკოპოსობა არაფერს არ ნიშნავს, თუ ღირსება არ მქონდა და მე ღირსებას ვირჩევ და გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია. თან დროც მივეცი. ისინი, ვინც იცავენ, დაიცვან და იმათაც მივაყოლებ ზევიდან. შენდობას ვითხოვ, რომ ცოტა ასე ვილაპარაკე, მაგრამ მე ვალდებული ვარ. უწმინდესმა თვითონ გამომირჩია მე ეპისკოპოსად. ძალიან ბევრი იყო ჩემი ეპისკოპოსობის წინააღმდეგი, მაშინვე დამნიშნა ქორეპისკოპოსად და იმ ნდობას მე გავუმართლებ აწი უწმინდესს,”- განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი