ახალი ამბები

მიტროპოლიტი დიმიტრი: ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად

14 თებერვალი, 2017 • 3583
მიტროპოლიტი დიმიტრი: ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი აცხადებს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმე შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. მიტროპოლიტი ამის შესახებ ილია მეორესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აღწერაში საუბრობს.

“გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან,” – წერს მიტროპოლიტი დიმიტრი.


პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გიორგი მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – “ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.”

ამავდროულად, გამოძიების მტკიცებით, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

“გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – იუწყება პროკურატურა.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. უჩა ნანუაშვილის თქმით, დეკანოზმა გიორგი მამალაძე მასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მის მიმართ მკვლელობის მომზადების მუხლით წაყენებულ ბრალში სასულიერო პირი არ ფიგურირებს. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი