ახალი ამბები

სტუდენტების დარბევაში მონაწილე კრიმინალური პოლიციის უფროსად დაინიშნა

8 ნოემბერი, 2012 • 5828
სტუდენტების დარბევაში მონაწილე კრიმინალური პოლიციის უფროსად დაინიშნა

ბათუმის უნივერსიტეტთან სპეცრაზმი პირველად 7 ნოემბერს გამოჩნდა. სტუდენტები თბილისში მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებდნენ. სპეცრაზმს, რომელსაც წინ დავით ბედია მოუძღოდა, იმ დღეს სტუდენტები არ დაურბევია.

 

 

დარბევა დაიწყო 8 ნოემბრის დილას. შეშინებული სტუდენტებმა მეორე სართულის შუშებს ამტვრევდნენ და ეზოში ხტებოდნენ. გაქცეული სტუდენტების ერთმა ჯგუფმა მიმდებარედ განთავსებულ სკოლებს შეაფარეს თავი. სპეცრაზმი სტუდენტებს სკოლებშიც შეჰყვა. იმ დღეს სტუდენტები სასტიკად სცემეს.

 

 

უნივერსიტეტის შენობაში გაზის გაშვების შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი ფეხმძიმე გოგონაც, საავადმყოფოში მოხვდა.

 

 

იმავე დღეს ნიღბიანთა ჯგუფი შევიდა „ტელეარხ 25“-ში და არხიდან გადამცემი აპარატურა წაიღო. არხის მაშინდელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯგუფს ამ შემთხვევაშიც დავით ბედია ხელმძღვანელობდა.

 

 

დავით ბედია დღეს „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მიუღია. მასთან ჩაწერილ ინტერვიუს სტილის დაცვით გთავაზობთ.

 

 

დავით ბედია ბათუმის უნივერსიტეტთან. 2007 წლის 8 ნოემბერი.
დავით ბედია ბათუმის უნივერსიტეტთან. 2007 წლის 8 ნოემბერი.

 

ბატონო დავით, როცა თანამდებობაზე გნიშნავდნენ 8 ნოემბრის შესახებ ხომ არ უკითხავთ რამე?

 

 

კითხვარი თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რაღაც ეგეთი არ ყოფილა… განიხილეს ჩემი საქმიანობა, მე სამართალდარღვევა ჩადენილი არ მაქვს და ყოველთვის ვემსახურებოდი სახელმწიფოს.  

 

 

მე ვარ თვითმხილველი იმის, რომ თქვენ ხელმძღვანელობდით ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების დარბევას. მაშინ სპეცრაზმი შეიჭრა უნივერსიტეტში, რომელსაც დავალებას თქვენ აძლევდით…

 

 

მე არ ვიყავი მაგათი ხელმძღვანელი და აქედან გამომდინარე ვერ შევძლებდი მათთვის ვერანაირი დავალების მიცემას. თუ ვინმეს რამე დავალებას ვაძლევდი, ეს იქნებოდა ჩემი თანამშრომელი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით, რომ მოქალაქეების უფლებები დამეცვა. სპეცდანიშნულების რაზმი როგორც მოქმედებდა, ის ჩემთან შეუთანხმებელი იყო, უბრალოდ, ვერ ვაკონტროლებდი სპეციალური დანიშნულების რაზმს, იმიტომ რომ ჩემი დანაყოფი არ იყო.  

 

 

მე თქვენ მაშინ გკითხეთ, რატომ არბევდით სტუდენტებს. თქვენ მაშინ თქვით, რომ „არაფერს დაერიდებოდით და თუკი საჭირო იქნებოდა, ყველა ხერხს გამოიყენებდით“…

 

 

მობრძანდით და პრესცენტრის საშუალებით ვიურთიერთობოთ. გინდათ, რომ თქვენთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი გაგცეთ ოთხი წლის წინანდელ ამბავზე… თუ რამე დეტალი არ მახსოვს გამახსენეთ…

 

 

აბა ვის ბრძანებით შევიდა რაზმი  უნივერსიტეტში?

 

 

სპეცადნიშნულების რაზმი ვისი ბრძანებით შევიდა, მე ეს როგორ უნდა გითხრათ. სპეცდანიშნულების რაზმებს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი. თუ სწორად მახსოვს, სპეცადნიშნულების რაზმებს… გაზიც გაუშვეს თუ სწორად მახსოვს. ამიტომაც ეს გაზი… პოლიციურ დანაყოფებს არ აქვს გაზის სპეცასშუალებები. რომელი სტრუქტურის სპეცდანიშნულების რაზმი იყო მე არ მახსოვს ახლა, მაგრამ ჩვენ კრიმინალურ დანაყოფს დაქვემდებარებაში არ გვყავს სპეცდანიშნულების რაზმი.

 

 

გაზი სპეცსაშუალებები არ არის რა… თავის მართლებასავით კი არ გამომდის, მაგრამ სწორად გამიგეთ. სპეცადნიშნუელბის რაზმები დღევანდელი სტრუქტურითაც არ შედის კრიმინალური პოლიციის დანაყოფში. რაღაცა იყო მე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გაზის გაშვების საშუალება პოლიციას არ გააჩინია, პოლიციამ ამის გამოყენებაც კი არ იცის.

 

 

ტელეარხ 25ში რა მიზნით შეიყვანეთ ნიღბიანები?

 

 

ცოტა ნორმალურად მელაპარაკეთ, თქვენ გინდათ რომ, რაღაცა… შეგიძლიათ ჩაწეროთ ინტერვიუ არხის ხელმძღვანელთან რა ვითარებაში, როგორ მოხდა… თუ სწორედ მახსოვს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა პრეზიდენტმა, ზუსტად თარიღები შეიძლება ამერიოს და მაშინ დადგენილი წესით და ჩვენ უბრალოდ მას ვუთხარით, რომ შეეწყვიტა მოქმედება. ზუსტად არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში ღონისძიება, რომელსაც ითვალისწინებდა მაშინ საგანგებო მდგომარეობა.

 

 

 „ტელეარხი 25“-ის ხელმძღვანელმა, ამერიკის ელჩსაც კი უთხრა თავის დროზე, რომ თქვენი ხელმძღვანელობით შევიდა ტელევიზიაში ნიღბიანი ხალხი და აპარატურა წაიღეთ…

 

 

აპარატურა  დიდია? იქნება თვითონ წარუდგინა ვინმეს გადამცემი. მე ახლა ზურგზე მოვიკიდე ეს გადამცემი… იქნება თვითონ გადასცა ეს გადამცემი. არ მახსოვს გადამცემი როგორი დეტალია… გადამცემი შეიძლება თვითონ წარმოადგინა.

 

 

ანუ თავისი ტელევიზია თვითონ დაანგრია?

 

 

მაშინ კანონი ითვალისწინებდა შეზღუდვას შესაბამისი ტელესაკომუნიკაციო საშუალებებისა და იმის საფუძველზე მოხდა.

 

 

საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებდა აპარატურის გატანას ტელევიზიიდან?

 

 

იძულებით მოხდა ამის გატანა? – ტელევიზიაში სპეცრაზმის არ ყოფილა. ჩვენ აპარატურა არ გაგვიტანია… თქვენ მეუბნებით, რომ მე გავეცი რამე განკარგულება? მე სპეცდანიშნულების რაზმი არ მექვემდებარებოდა. რა მოხდა, როგორ მოხდა თქვენ გაერკვიეთ რა… კარგად გაერკვიეთ ჩემი თხოვნაა.

 

 

„ტელეარხ 25-ში“  მაინცადამაინც თქვენ რატომ მიხვედით?

 

 

მაშინ საგანგებო მდგომარეობა იყო, არ მახსოვს. ამის საფუძველზე, ყოვლად უძალადოდ, ყველანაირი არაიძულებით მოხდა… თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ მაშინდელ ხელმძღვანელთან თუ რა მეთოდით, რა კორექტულობით მოხდა მაშინ ეს ამბავი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი