ახალი ამბები

‘ახალმა მინისტრმა უმუშევარი დამტოვა’

8 ნოემბერი, 2012 •
‘ახალმა მინისტრმა უმუშევარი დამტოვა’

აღნიშნულ გვერდზე მოქალაქეები იმ ოფიციალურ ბრძანებებს ტვირთავენ, რომელთა შესაბამისად სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვეს. 

 

ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტის მიხედვით, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ბრძანებით, 2012 წლის პირველი ნოემბრიდან სამსახურიდან გათავისუფლებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლილი ბეგიაშვილი. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად კი მითითებულია შემოსავლების სამხურის უფროსის მოავალეობის შემსრულებლის, ვასილ გედევანიშვილის ამავე რიცხვით დათარიღებული წერილი. 

 

5 ნოემბრის ბრძანებით კი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები დაითხოვეს: თამარ მაჭავარიანი -ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ფანქველაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, ირინა დგებუაძე – მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანა გაგუა – ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, ბადრი მამინაშვილი – რეგიონული კოოორდინატორი, მიხეილ ახვლედიანი ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მითითებულ თანამშრომლებზე, ბრძანების შესაბამისად, 1 თვის ხელფასის ოდენობის ფულადი კომპენსაცია გაიცა. 

 

თანამშრომლები გაათავისუფლეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც. 

 

“სამწუხაროდ, ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურის დაკარგვამ და განმარტებამ, რომ ვიღაც ზემოთ წყვეტს საკადრო ცვლილებებს, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს! აქვე იმათ გასაგონად, ვინც ნიშნის მოგებით აპირებს პასუხის მოწერას, თქვენი ხელისუფლებაც ხომ ასევე უშვებდა ხალხსო და მომიყვანთ მაგალითებს, გიპასუხებთ არაფერი არ შეცვლილა და ჩემი მაგალითიც მოუყვანეთ სხვებს,”- წერს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი თანამშრომელი თეონა ჭკადუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე. 

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს, 21 ოქტომბერს, საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდაც არაერთხელ განუცხადებია: 

 

“ჩვენ შევქმნით საჯარო სამსახურის ისეთ მოდელს, როდესაც საჯარო მოხელის დასაქმება და გათავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკაზე. კანონით განმტკიცდება პროფესიული საჯარო მოხელის საქმიანობის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა უვადოდ დანიშვნა, კარიერის პრინციპი, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის ვალდებულება, სამსახურიდან თვითნებური გათავისუფლებისაგან დაცვა და სხვა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი