შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2012 წლის 6 ნოემბერს საგადასახადო ორგანო რევიზიის ჩასატარებლად შევიდა.
“მე დიდი სურვილი მქონდა ამ ბრიფინგზე ყოფილიყო საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, თუმცა, ჩემი მოწვევის მიუხედავად, არავინ მობრძანებულა. საგადასახადო ორგანოს შემოსვლა ბადებს გარკვეულ კითხვებს შემდეგ გარემოებათა გამო,”- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა გია ჭანტურიამ დღევანდელ ბრიფინგზე.
გია ჭანტურიას განაცხადით, 90-იანი წლებიდან საგადასახადო ორგანოები შემოწმებაზე არ შესულან მაუწყებელში, მაუწყებელს ყოველთვის ამოწმებდა სახელმწიფო აუდიტი გეგმიური შემოწმების ფარგლებში და მორიგი ასეთი გეგმიური შემოწმება უნდა განხორციელდეს რამოდენიმე თვეში.
“საკითხავია, არის თუ არა ეს რევიზია გეგმიური, ვინაიდან, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული გეგმა და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საგადასახადო ორგანო შემოსულია უშუალოდ ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე. ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება შემოწმების შესახებ გამოცემულია 6 ნოემბერს, იმავე დღეს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები შემოვიდნენ შემოწმებაზე და ჯერჯერობით არც ერთ ოფიციალურ პირს, იქნება ეს ფინანსთა მინისტრი თუ სხვა უფლებამოსილი პირი, ამის თაობაზე არ მოუხდენია საზოგადოების ინფორმირება. დაბოლოს, მათ მთხოვეს, რომ არ განმესაჯაროებინა ინფორმაცია რევიზიის შესახებ, რაც ყველაზე უფრო გაუგებარია ჩემთვის. მიუხედავად გაჩენილი კითხვებისა, როგორც საზოგადოება არაერთხელ იქნა ინფორმირებული და არაერთხელ განგვიცხადებია, მაუწყებელი მზად არის ნებისმიერი შემოწმებისთვის, რის დასტურადაც ხელს ვაწერ შესაბამის ბრძანებას,”- განაცხადა გია ჭანტურიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ შემოწმებაზე განცხადება საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. სააკაშვილის თქმით, “სრულიად მიუღებელია ტელევიზიების საქმიანობაში იმ ტიპის ჩარევა, რომლის არა მხოლოდ მოწოდებები ისმის, არამედ დღეს დილიდან პირდაპირ განხორციელდა ”საზოგადოებრივ მაუწყებელში.”