ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო დაცვის გარდა პატრიარქს იცავს ლოცვა და ღმერთი

13 თებერვალი, 2017 • 3207
არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო დაცვის გარდა პატრიარქს იცავს ლოცვა და ღმერთი

საპარლამენტი უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გარდა პატრიარქს ღმერთი და ლოცვა იცავს. ამის შესახებ მან დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

“მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს და ის დანაშაული აღკვეთეს, რომელიც შესაძლოა მომხდარიყო. სახელმწიფომ ძალიან ყურადღებით და  წრაფად მოახდინა რეაგირება. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება საზოგადოების ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს და კიდევ უფრო მეტი გაირკვევა ამ საქმეზე,” – აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტარი მიიჩნევს, რომ პროკურატურის განცხადება იმის თქმის საფუძველს არ გვაძლევს, რომ თავდასხმის ობიექტი ილია მეორე იყო.

“ჯერ-ჯერობით ამის თქმის საფუძველს არ გვაძლევს, მაგრამ იმის თქმის შესაძლებლობას, რომ როცა ასეთი დანაშაული აღიკვეთა, ავტომატურ რეჟიმში პატრიარქის დასაცავად უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი სწრაფად ჩაფრინდა ბერლინში, პირადად აკონტროლებს ვითარებას.

დეპუტატის თქმით, პატრიარქის უსაფრთხოების დასაცავად მიღებული ზომები იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

“ამას შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ, თუმცა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს გარდა, დაცვის წევრების გარდა პატრიარქის იცავს ღმერთი და ლოცვა ,” – აღნიშნა თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე  10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით  დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძემ შეიძინა მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, რითაც “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა” უნდა მოეხდინა. ირაკლი შოთაძემ არ დააკონკრეტა, თუ რომელი მაღალი სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაზე იყო საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი გერმანიაში გამგზავრებამდე სჭირდებოდა. პატრიარქი ილია მეორე 2 თებერვლიდან გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი