ახალი ამბები

‘ლინკს ტელეკომი’ საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს

7 ნოემბერი, 2012 • 1190
‘ლინკს ტელეკომი’ საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს

კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, “ლინკს ტელეკომმა’ ტენდერი სამართლიანად მოიგო და “რკინიგზის ტელეკომი” შეიძინა, თუმცა რამდენიმე თვეში პრობლემები შეექმნა:

 

“როდესაც გამოცხადდა ტენდერი რკინიგზის ტელეკომის გაყიდვასთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეძინა და ბეს სახით 200 000 დოლარი გადავიხადეთ. საბოლოო ჯამში, 14 მილიონ ნახევარი დოლარი უნდა გადაგვეხადა, თუმცა ჩვენი ინვესტიცია ამით არ დასრულდებოდა და 30 მილიონამდე თანხის ჩადებას ვაპირებდით ამ საქმეში”, – აცხადებს “ლინკს ტელეკომის” გენერალური დირექტორი ჟიულ დელაჰაიე. მისი თქმით, თანხის გადახდიდან რამდენიმე თვეში კომპანიის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ ტენდერი არაპროფესიონალურად და წესების დარღვევით იყო ჩატარებული:

“ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სწორად არ იყო მომზადებული, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ რკინიგზის მფლობელობაში არ იყო ის ტერიტორია, სადაც ჩვენ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი უნდა ჩაგვეყარა, რის გამოც კომპანიას მილიონამდე ზარალი მიადგა. ჩვენ ამ საკითხების გასარკვევად გავმართეთ შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუმცა შეხვედრიდან დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს რკინიგზამ ჩვენს კომპანიასთან ცალმხრივად გაწყვიტა ყველანაირი კონტაქტი”, – აცხადებს ჟიულ დელაჰაიე.

“ლინკს ტელეკომის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამის შემდეგ შემთხვევით გაიგეს, რომ რკინიგზის ტელეკომი ტენდერის გარეშე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით მათთვის უცნობ კომპანიაზე გაიყიდა.

 

“აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ სასამართლოში სარჩელი 2010 წლის ზაფხულში შევიტანეთ, თუმცა სასამართლომ არ მიიღო, ამიტომ დღეს ვაცხადებთ, რომ მივმართავთ საერთაშორისო არბიტრაჟს. ამ გამოცდილების გათვალისწინებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში არ არის ხელსაყრელი პირობები ბიზნესის განვითარებისთვის, თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ დავიჯეროთ, რომ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა და ამიტომ “ლინკს ტელეკომი” საქართველოში მუშაობას აგრძელებს”, – აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი