შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა 6 სამხედრო პირის ჩვენების საფუძველზე არიან დაკავებული, რომელშიც საუბარია ამ სამხედროების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რასაც ადგილი ჰქონდა გასული წლის ოქტომბერში.
საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის ოქტომბერში ბაჩანა ახალაიამ, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს.
მთავარი პროკურორის თქმით, მოწმის სახით დაკითხულია ახალაია, დანარჩენი ორი დაკავებული – არა. ასევე, დაკითხულია დაზარლებული ჯარისკაცთაგან ხუთი, მე-6 კი – არა, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება.
კბილაშვილის თქმით, წარმოდგენილ საქმეზე სხვა მტკიცებულებებიც არის, მაგრამ პროკურატურამ ამ ჩვენებების საფუძველზე მოახდინა რეაგირება. მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ შესაძლებელია სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას.
ახალაია, კალანდაძე და შამათავა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) საფუძველზე არიან დაკავებული და იგი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.