“ძალიან უსუსური ბრალდებაა. მაღალჩინოსანს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება და თანამშრომლების გათავისუფლება. თან ამ დროს თითქოს ვაშლს თლიდა ერთ-ერთი მათგანი. მგონია, რომ ეს იყო შეთითხნილი ბრალდება, ვინაიდან როდესაც ძალაუფლება აქვს ადამიანს და ის ათავისუფლებს თავის ქვეშევრდომს, მას არანაირი მუქარა დანის ტრიალით არ სჭირდება. ვისაც ათავისუფლებენ, შეიძლება იმას დაჭირდეს დანის ტრიალი და ემუქრებოდეს, არ მომხსნაო. ეს ელემენტარული ლოგიკაა. ასეთი მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს რამდენიმე ადამიანის საჩივრის გამო და ძიება დაამთავრეს ერთ დღეში,”- ამბობს ოჩიაური.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა 6 სამხედრო პირის ჩვენების საფუძველზე არიან დაკავებული, რომელშიც საუბარია ამ სამხედროების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რასაც ადგილი ჰქონდა გასული წლის ოქტომბერში.
საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის ოქტომბერში ბაჩანა ახალაიამ, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს – გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს.
კბილაშვილის თქმით, წარმოდგენილ საქმეზე სხვა მტკიცებულებებიც არის, მაგრამ პროკურატურამ ამ ჩვენებების საფუძველზე მოახდინა რეაგირება. მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ შესაძლებელია სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას.
ახალაია, კალანდაძე და შამათავა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) საფუძველზე არიან დაკავებული და იგი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





