ნეტგაზეთი | ენმ–ის აქცია უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2–ის დასაცავად [ფოტო/ვიდეო] ენმ–ის აქცია უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2–ის დასაცავად [ფოტო/ვიდეო] – Netgazeti
RU | GE  

ენმ–ის აქცია უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2–ის დასაცავად [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 10 თბერვალს, რუსთაველის მეტროდან უზენაესი სასამართლოს შენობამდე თავისუფალი სიტყვისა და რუსთავი 2–ის მხარდასაჭერად ნაციონალური მოძრაობის აქცია/მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობას წინ მიუძღოდა დრამერთა გუნდი, რომელიც პერიოდულად მუსიკალურად აფორმებდა  აქციას. მათ ასევე ჰქონდათ ტელეკომპანია რუსთავი 2–ის მხარდამჭერი ტრანსფარანტები და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ფოტოშარჟები. ხმის გამაძლიერებლით აქცია/მსვლელობის დროს ხშირად ისმოდა შეძახილები: “საქართველოს გაუმარჯოს!”

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი მრავალი ათასი და მილიონი თანამოქალაქის სახელით გამოვხატავთ პროტესტს ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის მიმართ. რომელსაც უნდა, რომ ეს ქვეყანა აქციოს რაღაც წარმონაქმნად და არა სახელმწიფოდ, სადაც არ არის თავისუფალი და ალტერნატიული სიტყვა, რასაც დღეს წარმოადგენს რუსთავი 2. ბუნებრივია, მთელი საზოგადოება დაირაზმება და ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება,” – განუცხადა ნეტგაზეთს ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ მსვლელობის დროს.

ენმ–ის მსვლელობა თავისუფალი სიტყვის გადასარჩენად. 10.02.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ენმ–ის მსვლელობა თავისუფალი სიტყვის გადასარჩენად. 10.02.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

უზენაეს სასამართლოს შენობის წინ სიტყვით გამოვიდნენ ნაციონალური მოძრაობისა და კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ასევე ენმ–ის მხარდამჭერები და რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი.

სიტყვით გამომსვლელები ძირითადად საქართველოს მთავრობას, მმართველ გუნდსა და ყოფილ პრემიერ–მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდნენ. ისინი ასევე საუბრობდნენ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვისა და ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის არსებობის აუცილებლობაზე.

ენმ–ის აქცია/მსვლელობის მონაწილეები უახლოვდებიან უზენაესი სასამართლოს შენობას. 10.02.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ენმ–ის აქცია/მსვლელობის მონაწილეები უახლოვდებიან უზენაესი სასამართლოს შენობას. 10.02.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ქვეყანაში ოპოზიციური მედია ორგანიზაციების ფუნქციონირების მნიშვნელობაზე საუბრისას სანდრო გირგვლიანის ტრაგედია გაიხსენა. მისი თქმით, როდესაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა [2006 წელს], რომ არა მაშინდელი ოპოზიციური არხი, ტელეკომპანია “იმედის” სახით, სანდრო გირგვლიანის ოჯახის და მეგობრების გარდა, ბევრი ადამიანი და ნახევარი ქვეყანა ამ ამბავს ვერ შეიტყობდა.

ნიკა მელია უზენაესი სასამართლოს წინ სიტყვით მიმართავს აქციის მონაწილეებს. 10.02.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნიკა მელია უზენაესი სასამართლოს წინ სიტყვით მიმართავს აქციის მონაწილეებს. 10.02.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს არ ეცოდინებოდა, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. “რუსთავი 2” არის ხალხის ტელევიზია. ხელისუფლება მოქმედებს, რომ თავისუფალი აზრი და სიტყვა ჩაახშოს. “რუსთავი 2” ეკუთვნის საზოგადოებას. როდესაც არის სიტყვის თავისუფლევის ჩახშობის მცდელობა, საზოგადოება იწყებს მოქმედებას მშვიდობიანი პროტესტით ამ მანკიერი პრაქტიკის მიმართ. დღევანდელი დღე არის გაფრთხილება ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილს ვუგზავნით სიგნალს, რომ ხელი აიღოს “რუსთავი 2″-ის სახლში წაღებისგან,” – განაცხადა მელიამ.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ, 2015 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პრეზინდეტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე  თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

დღევანდელი აქციის დასრულების შემდეგ ენმ–ის წევრმა, კობა ხაბაზმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საპროტესტო აქცია სავარაუდოდ ორშაბათს კიდევ გაიმართება ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის გადასარჩენად.

ენმ–ის აქცია უზენაეს სასამართლოსთან თავისუფალი სიტყვის გადასარჩენად. 10.02.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ენმ–ის აქცია უზენაეს სასამართლოსთან თავისუფალი სიტყვის გადასარჩენად. 10.02.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ენმ-ის ლიდერების განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ 13-15 თებერვალს უზენაესი სასამართლო “ხელისუფლების ზეწოლით, “რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანას აპირებს.”

საზოგადოება ამჟამად უზენაესი სასამართლოსგან ელის გადაწყვეტილებას საქმეზე “ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ”, რის შემდეგად საბოლოოდ გაირკვევა, დარჩება თუ არა ძალაში თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით რუსთავი 2-ის წილები გადაეცა ქიბარ ხალვაშს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.