“მინდა გაგაცნოთ ჩემი მოადგილეები, რომლებთანაც ვითანამშრომლებ. ნინო შარაშიძე, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს გარემოს დაცვის სფეროში, ის იყო გაეროში გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი და ბატონი ირაკლი თექთურმანიძე, რომელიც ეკონომისტია და მასაც ინტენსიური გამოცდილება აქვს ამ სფეროში მუშაობის, ის მონაწილეობდა სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტებში ეკონომიკის მიმართლებით. მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი და ძლიერი მოადგილეები მყავს და მაქვს იმედი, რომ მათი დახმარებით უკეთესად მოვახერხოთ იმ ფუნქციის შესრულება, რასაც ჰქვია გარემოს დაცვა”, – განაცხადა მინისტრმა მოადგილეების წარდგენისას.
მოადგილეების წარდგენამდე ხათუნა გოგალაძემ გარემოს ეროვნული სააგენტო დაათვალიერა, გაეცნო დაგეგმილ პროექტებს, მიმდინარე აქტივობებს, დაათვალიერა ლაბორატორიები და გაეცნო სააგენტოს თანამშრომლებს.
მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვის კუთხით უამრავი ახალი პროექტი იგეგმება, ასევე არ არის გამორიცხული, რომ გადაიხედოს ძველი პროექტები:
“უკვე განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით, ეს იქნება დიდი ჰესების მშენებლობისას გაცემული ნებართვები თუ სხვა საკითხები, ალბათ სასამართლო გადაწყვეტს მათ კანონიერებას, რადგან ეს ყველაფერი ჩემამდე მიიღეს. ზოგადად, რაც შეეხება დიდ ჰესებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტად მომხრე ვართ მცირე და საშუალო ჰესების, თუმცა ამ ჰესების დაგეგმარემაც უნდა იყოს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს გარემოს, დიდი ჰესების შემთხვევაში ეს რისკები იზრდება. ნებისმიერი მშენებლობა, რომელიც განხორციელდება, უნდა განხორციელდეს ისე, რომ არანაირი ზიანი არ მიადგეს გარემოს და არ დაიწყოს შეუქცევადი პროცესები”, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღებამდე აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან, პირველი შეხვედრა გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამინისტროში ხვალაა დაგეგმილი.