ახალი ამბები

ალასანია: ბიუჯეტში დეფიციტის მიზეზებს შესაბამისი სტრუქტურები გაარკვევენ

6 ნოემბერი, 2012 • • 1121
ალასანია: ბიუჯეტში დეფიციტის მიზეზებს შესაბამისი სტრუქტურები გაარკვევენ

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დეფიციტი, რომელიც დაგვხვდა სამინისტროში, სწრაფად შეივსოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი საფინანსო სამსახურის მთავარი მოტივაცია არის ის, რომ რაც აუცილებელია ჩვენი ჯარის გამოსაკვებად, რომ ჰქონდეთ გათბობა და, ბუნებრივია, გააგრძელონ  საბრძოლო ვარჯიშები, შეივსოს.  ამას უკავშირდება ჩვენი შეშფოთება იმ დეფიციტთან დაკავშირებით რაც დაგვხვდა, სხვა კონკრეტულ კანონდარღვევებს შეისწავლის კონკრეტული სამართალდამცავი სტრუქტურები”

 

აღნიშნული განცხადება  ირაკლი ალასანიამ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო–საშტაბო სკოლის წარჩინებული მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ გააკეთა. სულ, ჯამში, 28 წარჩინებული კურსდამთავებული დაჯილდოვდა. 

 

გუშინ, 5 ნოემბერს საქართველოში დაბრუნებულმა  შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მის მიმართ წამოსულ ბრალდებებს უპასუხა. ახალაიამ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 113 მილიონის დაკარგვის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

 

“არავის ფული არ მოუპარავს, ყველაფერი გვქონდა ისე, როგორც წესი და რიგია. მიმდინარეობდა პროცესი, მე ვერ შევძლებ 2 წუთში აგისხნათ, რა და როგორ და მიკვირს 2 დღეში როგორ შეძლეს 113 მილიონის დაკარგვის აღმოჩენა. ნახონ, მოძებნონ, ესეც მორიგი სიცრუეა”. იმავე საკითხზე ახალაიამ კომენტარი გააკეთა “რადიო თავიუფლებასთანაც”:

 

“ჩვენ გვქონდა ბიუჯეტის ხარჯვის წესები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც ვხარჯავდით თანხებს მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ გვქონდა მთავრობასთან წინასწარი შეთანხმებები, თუ რა პერიოდში და რა დროს შეგვეძლო დამატებითი თანხების მიღება და ჩვენ ველოდებოდით წლის ბოლოს დამატებითი სახსრების მიღებას ბიუჯეტში, ისევე როგორც ეს იყო შარშან. როგორც ეს განხორციელდა შარშან, იგივე მეთოდი იყო გამოყენებული წელსაც და არანაირ გადახარჯვას და არანაირ სხვა სახის ქმედებებს აქ ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, ელემენტარულად, იმ ადამიანებმა, ვინც ბიუჯეტში იხედება ახლა და რაღაც ციფრებს ითვლის, ორ დღეში ვერ მოასწრებენ, ცოტა დრო უნდა მოანდომონ, ერთი კვირა მაინც უნდა ჩაუჯდნენ და ზუსტად გაერკვნენ, თუ რაში იყო საქმე, რა ხდებოდა და როგორ მიმდინარეობდა თანხების ხარჯვა. თან იქ არსებობენ კვალიფიციური კადრები, რომლებიც ყველაფერს აუხსნიან დეტალებში.

 

უფრო ადრე კი  თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გააკეთა კომენტარი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში დაკარგულ თანხებთან დაკავშირბით. 

 

“4 ივლისს, როდესაც მოვედი მინისტრად, დამხვდა ასეთი სიტუაცია, რომ უფრო მეტი ვალდებულება ჰქონდა აღებული, ვიდრე შესაძლებლობა არსებობდა. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს. ეს იყო დაახლოებით 100 მილიონზე მეტი, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ აიღო და მოიპარა.  მე ვესაუბრე ბაჩოს, იყო აღებული ვალდებულებები და ბაჩოს ჰქონდა იმედი, რომ როდესაც ბიუჯეტი გაიზრდებოდა შემოდგომაზე და ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ძალიან კარგად ივსებოდა ხაზინა, პირველ რიგში, იქნებოდა დაკმაყოფილებული მოთხოვნა ჯარის”. 

 

ალასანიას განცხადებით, ახალი ხელისუფლებს ის ხელისუფლებაა, რომელიც მიზნად ისახავს სამართლებრივი სახელმწიფოს მოწყობას:

 

“ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფო შედგეს, მართლმსაჯულება ძალიან მალე გახდება სრულად დამოუკიდებელი, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პირის გდასაწყვეტი არ არის, ვინ მიეცემა პასუხისგებაში, ეს არის მართლმსაჯულებს გადასაწყვეტი”. 

 

თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა 2013 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილ თანხებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ბიუჯეტი საბოლოო სახით არ არის ჩამოყალიბებული და თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამსახურები აქტიურად მუშაობენ  ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტთან:

 

“ვმუშაობთ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჰქონდეს ადეკვატური დაფინანსება იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი მშვიდობის დაცვა და სამხედრო შეიარაღებულმა ძალებმა შეძლონ ჩვენი ქვეყნის დაცვა და საბრძოლო მზადყოფნა უნდა იყოს ამაღლებული. როდესაც საბოლოო ვარიანტი იქნება, თუ როგორია ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი, იმედი გავქვს, გათვალისწინებული იქნება ჩვენი თხოვნები, საბიუჯეტო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება”

 

ბიუჯეტის ამჟამინდელ ვარიანტში თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 690 000 000  ლარი, 2012 წელს კი გამოყოფილი იყო 676 500 000 ლარი.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი