ახალი ამბები

პარლამენტში თვითმმართველობების წევრებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს [Video]

6 ნოემბერი, 2012 •
პარლამენტში თვითმმართველობების წევრებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს [Video]

„საუბარი იყო აჭარის ახალი მთავრობის, კერძოდ, ბატონი ხაბაძის მიერ გამგებლების დაბარებაზე და მოთხოვნაზე, რომ დაწერონ განცხადებები. რა თქმა უნდა, ამას უნდა გადამოწმება, კომიტეტის ვალია, გაერკვეს ამაში,“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა.

 

“ქართული ოცნების” წევრის, პარლამენტარ ირაკლი ტრიპოსლკის თქმით, მას არ სჯერა ასეთი ფაქტების, რადგან მას არ უნახავს დაზარალებული:

 

„მითიურ ზეწოლებზეა საუბარი და არ ვიცი, არ მინახავს. თუ რამე დადასტურდება, მეც წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ზეწოლის“.

უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, გიორგი თევდორაძის განმარტებით, თითოეული ადამიანის მოვალეობაა, რომ თვითმმართველობების უფლებები იყოს დაცული:

 

„ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება,“ – განაცხადა თევდორაძემ.

 

დეპუტატ ზვიად ძიძიგურის მოსაზრებით, რასაც უმცირესობა ზეწოლას უწოდებს, ბუნებრივი პროცესია:

„არსებობს პოლიტიკური ლოგიკა, რომ ბალანსები ადგილობრივ ხელისუფლებაში იგივე გახდეს, რა ბალანსიც არის პარლამენტში და მთვრობაში“.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ნოემბერს, აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან მათზე ადგილი ჰქონდა მოწოდებას, ნებაყოფლობით დაეტოვებინათ პოსტები, რაც გამგებლებმა მათზე ზეწოლის და შანტაჟის მცდელობად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი