ახალი ამბები

ივანიშვილს 80 მილიონი ლარი დაუბრუნდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეცვლილა

6 ნოემბერი, 2012 • 2503
ივანიშვილს 80 მილიონი ლარი დაუბრუნდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეცვლილა

“ამდენად, ამ თანხის რაიმე სახით გამოყენება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია”, – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ გუშინ, 5 ნოემბერს, კახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შედეგები გააცნო მედიას, რა დროსაც განაცხადა:

 

“მე, რამდენადაც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული ჯარიმა არ მოხმარებია კახეთში სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ეს თანხა აღსრულების ბიუროს ქვეანგარიშზე იდო და დაბრუნებულ იქნა, როგორც უკანონოდ მიყენებული ჯარიმა ბიძინა ივანიშვილისთვის, უკან“.

 

ბიძინა ივანიშვილს 80 მილიონამდე ლარის ჯარიმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შეწირულობის განხორციელებისთვის.

 

24 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა ჯარიმა სრულად გადაიხადა და იქვე განაცხადა, რომ ეს თანხა კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის იყო განკუთვნილი.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა გაიმარჯვა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევი აღმოაჩინა, 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე გააუქმა ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებული ყველა სააღსრულებო ღონისძიება და ბიძინა ივანიშვილის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჯარიმის სახით ჩარიცხული 79 710 021,60 ლარი უკან დაუბრუნა ივანიშვილს.

 

ახალი მთავრობა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 25 ოქტომბერს დაამტკიცა.

 

“ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების  ფონზე აღსრულების ბიურო, როგორც ჩანს, შეეცადა ხელი აეღო დანაშაულებრივ ქმედებაზე და ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ნებით, ჯარიმის სახით აღსრულებული 80 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნა, მიზეზად კი სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევები დაასახელა.

 

გვინდა განვაცხადოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 80 მილიონ ლართან დაკავშირებით ამ დრომდე ძალაში რჩება და კიდევ ერთხელ  ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ თავის დროზე სააღსრულებო ბიურომ სრულიად უკანონოდ მოახდინა „ქართუ ჯგუფის“ წილების მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება,” – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსასახურის განცხადებაში.

 

ამავე განცხადების მიხედვით, მთავრობის ახალმა შემადგენლობამ კახეთის რეგიონისთვის სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის საჭირო ფულადი სახსრების მოძიება პრეზიდენტისა და პრემიერის სარეზერვო ფონდებში სცადა, თუმცა აღნიშნულ ფონდებში თანხები სრულად გახარჯული აღმოჩნდა:

 

“შესაბამისი ხარჯები გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში, თუმცა გაირკვა, რომ ძველმა მთავრობამ მისი დიდი ნაწილი არამიზნობრივად გახარჯა და დაზარალებულ მოსახლეობამდე კომპენსაცია არ მივიდა.”

 

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო საქველმოქმედო  ფონდმა „ქართუმ“, რომლის ეგიდითაც მოქემდი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი წლების მანძილზე ახორციელებდა საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას, უკვე დაიწყო კახეთის რეგიონისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა  და უმოკლეს ვადაში  უზრუნველყოფს დაზარალებულებისთვის სრულყოფილი კომპენსაციების გაცემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი