ახალი ამბები

პარლამენტთან მუშების აქცია გაიმართება [Video]

6 ნოემბერი, 2012 •
პარლამენტთან მუშების აქცია გაიმართება [Video]

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შრომის კოდექსის შეცვლაა. როგორც  საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, მუშები მოითხოვენ იმ უსამართლობის წინააღმდეგ კანონის ამოქმედებას, რა პირობებშიც მათ შრომის კოდექსი აყენებთ. ასევე მათი მოთხოვნაა, რომ შრომის კოდექსის მიღების პროცესში პროფკავშირები იყვნენ ჩართულნი. 

 

ირაკლი ქართველიშვილი “ჰერკულესში” მუშაობს. მისი თქმით, ის პრობლემები, რაც 2010–2011 წლებში ჰქონდათ, კვლავ მოუგვარებელია და მათ კვლავ არ აქვთ სპეცტანსაცმელი, არ არის დაცული უსფრთხოების ნორმები და პრობლემას წარმოადგენს დასაქმებულების ტრანსპორტირებაც. ქართველიშვილის განცხადებით, “ევრაზიან სტილსის” ხელმძღვანელობასთან ჰქონდათ მოლაპარაკების მცდელობა, თუმცა ქართველიშვილი ამბობს, რომ მათთან დიალოგი შეუძლებელია.

 

“ჰერკულესში” დასაქმებული მუშები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს ხელფასების დაგვიანებასაც. პროფკავშირის წევრ ირაკლი იობიძის თქმით, სექტემბრის ხელფასი მუშებს ახლახან გადაუხადეს.

 

25 ოქტომბრის შემდეგ “ჰერკულესის” ქარხანა გაჩერებულია. იობიძის თქმით, პრობლემა ელექტროენერგიის დავალიანებაა. ადმინისტრაციაში მუშებს განუცხადეს, რომ მუშაობას 1 ნოემბერს განაახლებდნენ, თუმცა ქარხანა ჯერ ისევ გაჩერებულია.

 

“ჰერკულესის” ქარხანაში დასაქმებული 300 მუშიდან დღეისათვის პროფკავშირში 251 მათგანია გაწევრიანებული.

 

 აქცია ხვალ ქუთაისში პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი