გამგებლების თქმით, დღეს მათ შეხვედრა ჰქონდათ აჭარის ახალ მთავრობასთან, რომლის პირველი ნაწილი, მათი განცხადებით, იყო კონსტრუქციული, თუმცა შეხვედრის მეორე ნაწილის დროს მათ მიიღეს შეთავაზება თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვების შესახებ.
გამგებლების თქმით, ეს არის ზეწოლა თვითმმართველობებზე და ისინი მიმართავენ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და მოუწოდებენ მთავრობას, შეწყდეს გამგებლებისა და საკრებულოს წევრების შანტაჟი.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიცვალა საქართველოს მთავრობა ცენტრალურ დონეზე, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობებში კვლავაც ინარჩუნებენ ხელისუფლებას ყოფილი მთავრობის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. მორიგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოქმედი კანონმდებლობით საქართველოში 2014 წელს უნდა ჩატარდეს.