უჩა ნანუაშვილის კანდიდატურა დღეს 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ – კონსტიტუციის 42-ე მუხლი; სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველო; საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანება; წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); საზოგადოებრივი დამცველი; თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი; გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში; საინფორმაციო ცენტრების ქსელი; დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი; კავშირი საფარი; მედიის ინსტიტუტი; კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის; არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი და ჯანმრთელი სამყარო– წარადგინა.
აღნიშნულ ორგანიზაციათა განცხადებაში ნათქვამია, რომ უჩა ნანუაშვილის კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით “გვჯერა, რომ იგი თანაბრად და მიუკერძოებლად იმუშავებს ყველა ადამიანის უფლებების დასაცავად. კერძოდ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებზე, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებზე, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, უმცირესობების და სხვა სახის მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე. მოგმართავთ ინიციატივით, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე დაამტკიცოთ უჩა ნანუაშვილი.”
14 ორგანიზაციიდან ოთხი, მათ შორის კონსტიტუციის 42–ე მუხლი; წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); საზოგადოებრივი დამცველი და მრავალეროვანი საქართველო, მხარს თამარ გურჩიანის კანდიდატურასაც უჭერს. ისინი აცხადებენ, რომ ორივე კანდიდატურა ღირსეულია და იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის პოზიციას, პარლამენტში უნდა იმსჯელონ.
“მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი ამბობს, რომ მისი ორგანიზაციისთვის თამარ გურჩიანის კანდიდატურაც ისეთივე მისაღებია, როგორც უჩა ნანუაშვილის.
“მაგრამ არ არის დოგმა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. ჩვენთვის ორივე კანდიდატი არის მისაღები. პირადად ჩვენთვის და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციისთვის. გვინდა, რომ ამ პროცესს, რომელსაც დემოკრატიული პროცესი ჰქივია, ხელი შევუწყოთ და პარლამენტის წევრებს მივცეთ შესაძლებლობა, აირჩიონ რამდენიმე კარგ კანდიდატს შორის ერთი,”- აცხადებს სტეპანიანი.
მისივე განმარტებით, აღნიშნულმა არასამთავრობოებმა ერთმანეთთან და უჩა ნანუაშვილთან ერთად უკვე იმუშავეს და გარკვეული ხედვები ჩამოაყალიბეს ახალი ომბუდსმენის გამოწვევების შესახებ.
“მოკლე პროგრამის პრეზენტაცია იქნება ფართო საზოგადოებისთვის და თუ მოვასწრებთ, შევხვდებით არასამთავრობო ორაგანიზაციებს რეგიონებშიც და ამ კანდიდატს გავაცნობთ. ჩვენი ორგანიზაციის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ გურჩიანის შემთხვევაში პასიურ როლს ვასრულებდით და უჩა ნანუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით უფრო ღრმად წავედით, ვინაიდან უჩას მხრიდან იყო ინიციატივა, რომ ასე ჩავრთულიყავით აღნიშნულ პროცესში,”- აცხადებს არნოლდ სტეპანიანი.
დღემდე სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებული იყო ხუთი კანდიდატი, ესენი არიან: თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავარია, ნათია იმნაძე, გელა ნიკოლაიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. სახალხო დამცველის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
