ახალი ამბები

კობახიძე: ვემსახურები ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციური წესრიგის დამკვიდრებას

8 თებერვალი, 2017 • 2487
კობახიძე: ვემსახურები ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციური წესრიგის დამკვიდრებას

“ამ წუთიდან მთელი ჩემი ანგარიშვალდებულება ეკუთვნის საზოგადოებას და, ბუნებრივია, კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების სამსახურში ვიქნები. შესაბამისად, ყოველგვარი პოლიტიკური კავშირები ეს  უკვე არის წარსული,” – ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ მანანა კობახიძემ გააკეთა.

მანანა კობახიძის განცხადებით, ის კონსტიტუციის, კანონის შესაბამისად აირჩიეს მოსამართლედ:

” საზოგადოება მომავალში დაინახავს, თუ რას ემსახურება მანანა კობახიძე. ემსახურება კონსტიტუციას, მის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციური წესრიგის დამკვიდრებას. ”

კობახიძის თქმით, იმ წუთიდან, როდესაც კანონი შედის ძალაში, ყოველგვარი კავშირი მის ავტორთან, მის შემოქმედთან წყდება. შესაბამისად:

“[ჩემს მიერ დაწერილი]ეს კანონები არის მოქმედი. თუ რაიმე არის მასში არაკონსტიტუციური, თუ ეს გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ასეთ კანონს, ისე როგორც სხვა ჩემი კოლეგა, ვცნობთ არაკონსტიტუციურ აქტებად. ასე რომ, ეს გათავისებული და გააზრებულია ჩემი მხრიდან. არავითარი პოლიტიკური განცხადება ჩემი მხრიდან არ გაკეთდება. საჯარო სივრცეში ურთიერთობა იქნება შეწყვეტილი, რადგან სასამართლოს მოსამართლის მხრიდან ეს იკრძალება. ”

დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტმა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. მანანა კობახიძეს დეპუტატის უფლებამოსილება უკვე შეუწყდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი