ახალი ამბები

ზურაბიანი: პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, რაში იხარჯებოდა მაუწყებლის ბიუჯეტი

8 თებერვალი, 2017 •
ზურაბიანი: პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, რაში იხარჯებოდა  მაუწყებლის ბიუჯეტი

წყალბუტობის მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, თუ რაში იხარჯებოდა საზოგადოებირივი მაუწყებლის ბიუჯეტი წლების განმავლობაში. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, წლების განმავლობაში პრიველად, მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი  საჯაროდ საუბრობს არსებული დარღვევების, იმ პრობლემების, მძიმე და კატასტროფული ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რასაც ოპოზიციის აბსოლუტურად უშინაარსო კრიტიკა მოჰყვა:

“როდესაც 2%-ს ვერ აღწევს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი და არხზე კრიზისია, იმ ფონზე, როდესაც 410 მილიონი არის დახარჯული და არც ერთი ხელშესახები, თვალით დასანახი რეფორმა და ცვლილება ჩვენ ამ არხზე  არ დაგვინახავს, რატომ ეწინააღმდეგებით ამ რეფორმას? ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, თუ სად წავიდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი გადასახადის გადამხდელების თანხა და სად გაიხარჯა ეს ყველაფერი. ”

ზურაბიანის განცხადებით, ახალი მენეჯმენტი რეფორმის  საჯაროობასა და გამჭირვალობას უზრუნველყოფს, რაც ამ პროცესს ხელს შუწყობს და  არ დააზიანებს:

“მე ისიც მესმის, რომ ეს არის მტკივნეული რეფორმა,  მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი ალტერნატივა, ერთი ის, რომ დავსხდეთ ამ დარბაზში და დაველოდოთ, როდის დაასრულებს თავის არსებობას ფატალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი, ან მეორე- მივცეთ შანსი და ის წლიური 45 მილიონი ლარი, რომელიც აბსოლუტურად არაეფექტურად იხარჯებოდა წლების განმავლობაში, მივმართოთ იმისკენ და ხელი შევუწყოთ, რომ საბოლოოდ მივიღოთ თანამედროვე კონკურენტუნარიანი ტელევიზია,”- აღნიშნავს დეპუტატი.

6 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტმა საზოგადოებას გააცნეს მათ მიერ შემუშავებული გეგმა, რომელსაც სამეურვეო საბჭოს და მოსახლეობას მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანისა და განვითარებისთვის სამსჯელოდ სთავაზობენ. გეგმა 2018 წლამდე ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს, გარდა მოამბისა. ოპტიმიზაციის შედეგად კი იგეგმება არხის ტექნიკურ-ტექნოლოგიური და მატერიალური განახლება, ასევე არქივის გაციფრულება.

ამავე თემაზე – დაბალი ხელფასები, მოძველებული კამერები, “პეტლიჩკები” – რა პრობლემებს უჩივიან საზმაუს თანამშრომლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი