ახალი ამბები

ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროები მერიას ვალდებულების შესრულებას სთხოვენ

5 ნოემბერი, 2012 •
ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროები მერიას ვალდებულების შესრულებას სთხოვენ

განცხადებაში, რომელშიც სამინისტროები არსებულ სიტუაციას განმარტავენ, აღნიშნულია, რომ ტრანსპორტის, სოციალური და სამედიცინო დაზღვევის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას, უშუალოდ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს და დედაქალაქის მერიას ეკისრება:

 

“19 ოქტომბერს ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც თბილისის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამებისათვის გასაწევი ხარჯები, საბიუჯეტო კანონმდებლობის სრული დარღვევით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე, სახელმწიფო ბიუჯეტს გადასცა, რითაც 2012 წელს 25 მილიონი, ხოლო მომავალ წელს  78 მილიონი ლარი, დამატებითი ვალდებულება დააკისრა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან  19 დღის შემდეგ, მაშინ, როცა მიმდინარეობდა ხელისუფლების გადაბარების პროცესი.  განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხები გადაბარების პროცესის მიმდინარეობისას არც ერთ შეხვედრაზე, მათ შორის არც ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე არ დასმულა”, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ გარდა იმისა, რომ საჭირო თანხა 2012 წლის ბიუჯეტიდან ვერ გაიცემა, სამინისტრო ამ ვალდებულებას ინფრასტრუქტურის უქონლობის გამოც ვერ აიღებს:

 

“ჩვენი  პოზიცია უცვლელია, რომ აღდგეს თბილისის ბიუჯეტი ძველი პარამეტრებით და დაუბრუნდეს 18 ოქტომბრისათვის არსებულ სტატუს–ქვოს, თბილისის მერიამ შეასრულოს ის  ვალდებულება, რომელიც აქვს აღებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე”, – ნათქვამია სამინისტროების საერთო განცხადებაში.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს 2 ნოემბერს მიმართა. მერის მიმართვაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა პროგრამები(სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევის პროგრამა; სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება; საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსება), რომლის დაფინანსებაც ადრე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ხდებოდა, შემდეგ კი მთავრობის დადგენილების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა, კვლავ მერიის მიერ ვეღარ დაფინანსდება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი