ჯეჯელავა აუდიტორია 115-ზე: პროფესიონალ გამპროტესტებლად გადაიქცნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სტუდენტები, რომელთაც უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი აქვთ დაკავებული, უნივერსიტეტს ცუდ საქმეს უკეთებენ.

ეს განცხადება ალექსანდრე ჯეჯელავამ  გააკეთა განათლების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის რეპლიკასთან დაკავშირებით, რომელიც ამბობდა, რომ “უნივერსიტეტის ნაწილი ოკუპირებულია”.

“ეს სტუდენტები ვინც ახსენა, ჩვენმა მეგობარმა [ჟურნალისტმა], ძალიან ცუდ საქმეს უკეთებენ უნივერსიტეტს, მით უმეტეს, ვხედავთ, რომ ყველა აქტივობაში არიან ჩართულები ყველა მიმართულებით და ჩვეულებრივ, სადაც რამე გასაპროტესტებელია, პროფესიონალ გამპროტესტებლებად გადაიქცნენ, რაც თავისთავად, მთლად კარგი არ არის,”- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა და დაფინანსების არსებული მოდელი გააკრიტიკა:

“დაფინანსების მოდელი, რომლის შეცვლასაც ვაპირებთ, არის, არა მარტო ჩემი აზრით, არასწორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაქტობრივად, ჩვენ არასაკმარისი ყურადღებით მივიყვანეთ ისეთ მდგომარებაში, რომ დავაკარგინეთ ლიდერის პოზიციები ზოგიერთი მიმართულებით. როდესაც ანაზღაურების უდიდესი ნაწილი მიდის ადმინისტრაციაზე და არა პროფესურაზე, ეგ უნივერსიტეტი აღარ გამოდის. გამოდის ადმინისტრაციული ერთეული, რაც ფუნდამენტურად არასწორია,” – თქვა ჯეჯელავამ.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით სამინისტრო მუშაობს, რათა უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგი და დაფინანსება, საერთაშორისოდ აკრედიტირებული პროგრამების რაოდენობასთან ერთად, გაიზარდოს:

“გარანტიას გაძლევთ, რომ უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგი გაიზრდება, უნივერსიტეტის დაფინანსება გაიზრდება, საერთაშორისოდ აკრედიტირებული პროგრამების რაოდენობა გაიზრდება. ინფრაქტრუქტურის მდგომარეობა გაუმჯობესდება, მეორე კორპუსი არის ის საკითხი, რომელიც გვგონია, რომ ღირსების საკითხია და რამენაირად უნდა მოვაგვაროთ,” – თქვა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.


შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბრის ღამეს აუდიტორია 115-ის წევრებმა დაიკავეს მეექვსე კორპუსის შენობა. შენობა ამ დრომდე პიკეტირებულია.  25 ნოემბერს ისინი შეეცადნენ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას, თუმცა მათი მცდელობის მიუხედავად არჩევნები შედგა. აუდიტორია 115 -მა  არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, ისინი საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ.

სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნებს შორისაა:

  • საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შემოთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები;
  • თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი;
  • სრულად რეაბილიტირდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი;
  • გაიზარდოს მეცნიერების დაფინანსება;

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.