ახალი ამბები

ბექა მინდიაშვილი: რაც მოხდა ნიგვზიანში, სისხლის სამართლის დანაშაულია [Video]

2 ნოემბერი, 2012
ბექა მინდიაშვილი: რაც მოხდა ნიგვზიანში, სისხლის სამართლის დანაშაულია [Video]

ბექა მინდიაშვილი ამ დროისთვის სოფელ ნიგვზიანში იმყოფება სახალხო დამცველის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

 

“ნიგვზიანის მოსახლეობის ნაწილი და სასულიერო პირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ეპარქიის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ სოფელში მცხოვრებმა მუსლიმებმა საერთო ლოცვა არ აღასრულონ და არ შეიკრიბონ. ისინი უაღრესად შეურაცხმყოფელ ფორმებს მიმართავენ. მაგალითად, დღეს ადგილი ჰქონდა გინებას, შეურაცხყოფას, მუსლიმებს გადაუღობეს გზა. დაემუქრნენ, რომ გაასახლებდნენ სოფლიდან, თუ არ შეწყვეტდნენ ლოცვას, რომ მათ და მათი შვილების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც უკანონო ქმედება. რელიგიური რიტუალებისთვის ხელის შეშლა, რასაც თან ახლავს ძალადობა, მუქარა და შეურაცხყოფა, სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით ისჯება, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე. ჩემი შეფასებით, ეს არის კონკრეტული დანაშაული და შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს საიმისოდ, რომ მუსლიმებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ,” – ამბობს ბექა მინდიაშვილი.

მისი თქმით, ამ დროისთვის სამართალდამცველები მხოლოდ ნეიტრალური დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებენ და რეაგირებას არ ახდენენ.

 

“ვითარება ძალიან რთულია, რელიგიურ დაპირისპირებას აქვს ადგილი, რომლის ესკალაციაც შესაძლებელია, თუ სამართალმდაცველები არაფერს იღონებენ და თუ არ იქნება მკაფიო შეტყობინება გაგზავნილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომ მსგავსი ქმედებები არის დაუშვებელი”.

 

ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ მურმან დუმბაძის განცხადება, რომ არ იცის, რა როლი აქვთ თურქებს ამ საკითხში, სხვა არაფერია, თუ არა ძალადობის წახალისება.

 

მინდიაშვილი საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეკლესიამ საჯაროდ უნდა დაგმოს ძალადობა და აგრესია:

 

“საპატრიარქო მკაფიოდ უნდა გმობდეს ქრისტიანობის სახელით სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანებთან დაპირისპირებას, ამ დროის მანძილზე ჩვენ ძალადობის დაგმობა მათგან ვერ მოვისმინეთ. რა თქმა უნდა, მთავრობაც უნდა გამოეხმაუროს, დღესდღეობით მთავრობის პოზიცია არის გადამწყვეტი. თუმცა, პირველ რიგში, სამართალდამცველებმა უნდა შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი. ძიება უნდა დაიწყონ 155-ე მუხლით ან ხულიგნობის მუხლით, ეს ამავდროულად შეასრულებს პრევენციის როლს, სხვა შემთხვევაში მშვიდობა არ დაისადგურებს. ეს გამოცდილება ჩვენ გვაქვს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კანონიერი პასუხი გაეცემოდა კანონმდარღვევს, მაშინ იცვლებოდა ვითარება,”- ამბობს მინდიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პატრიარქის მდივანს – მიქაელ ბოტკოველს, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.

 

ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ისინი საკითხს სწავლობენ და რეკომენდაციით შესაბამის უწყებებს მიმართავენ, კერძოდ, მთავრობას და პარლამენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი