“კომერსანტმა” ინტერვიუ ზაქარეიშვილთან დღეს, 2 ნოემბერს გამოაქვეყნა.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი მთავრობის განხილვის თემა არ გამხდარა, გარკვეული კონსულტაციები ამ საკითხზე იყო. ჩემი რწმენით, ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ აფხაზეთის გავლით როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო მოძრაობის აღდგენაში”, – განუცხადა “კომერსანტს” პაატა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის პროცესს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული და საკითხი მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაიჭრას.
პაატა ზაქარეიშვილი იხსენებს სოჭში 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის პარალელურად უნდა დაწყებულიყო დევნილთა დაბრუნება. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დასძენს, რომ ეს შეთანხმება თავიდანვე არარეალური იყო და ამიტომ ვერ განხორციელდა. ზაქარეიშვილის თქმით, თუ სარკინიგზო მოძრაობა აღდგებოდა, დევნილები აფხაზეთში თავისთავად დაიწყებდნენ დაბრუნებას და ამას ხელს ვერავინ შეუშლიდა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა თავისთავად შეუწყობს ხელს პოლიტიკური სიტუაციის მოწესრიგებას, დევნილთა დაბრუნებას, თუმცა, ასევე აცხადებს, რომ აუცილებელი არ არის ეს ოფიციალურ დოკუმენტებში აისახოს.
“არ უნდა დავუშვათ, რომ აფხაზეთი ეკონომიკურად მხოლოდ რუსეთზე იყოს მიბმული”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, ამით ყველა ისარგებლებს, მათ შორის სომხეთი და რუსეთიც და ეს გახდება სატრანსპორტო არტერია.
პაატა ზაქარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება ჯერ არ ყოფილა რუსულ და აფხაზურ მხარეებთან.