მერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა პროგრამები(სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევის პროგრამა; სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება; საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსება), რომლის დაფინანსებაც ადრე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ხდებოდა, შემდეგ კი მთავრობის დადგენილების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა, კვლავ მერიის მიერ ვეღარ დაფინანსდება:
“ქ. თბილისის მერია ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, გაითვალისწინოს თქვენი თხოვნა და გააგრძელოს აღნიშნული პროგრამების დაფინანსება, მით უმეტეს, იმ განვლილ პერიოდზე, როდესაც ეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს პრეროგატივას წარმოადგენდა”, – აღნიშნულია განცხადებაში. თბილისის მერი ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მერიასთან შეთანხმების გარეშე არ უნდა ყოფილიყო მიღებული:
“თქვენ მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, უფასო სამედიცინო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს დაახლოებით 90 000 ადამიანი, სხვადასხვა ტიპის სოციალური შეღავათები გაუუქმდა დაახლოებით 40 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს, მათ შორის 4 000-მდე მრავალშვილიან ოჯახს. ასევე, ტრანსპორტით მგზავრობისას შეღავათები და ფასდაკლება გააუქმდა 600 000-მდე მოქალაქეს. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც 600 000-მდე ჩვენი მოქალაქის ცხოვრების გაუარესებას გამოიწვევს და რომლის დაფინანსებასაც ჩვენ გვთხოვთ, აღნიშნული საკითხი თბილისის მერიის უშუალო მონაწილეობით უნდა განხილულიყო”, – ნათქვამია მიმართვაში.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, გიგი უგულავა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებასაც ეხმაურება:
“გთხოვთ რეაგირება მოახდინოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებაზე, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფასიანი მომსახურების შემოღებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, თბილისის მერია არ გეგმავს მომსახურების ფასიანი სისტემის შემოღებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მოქალაქეთა მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. გიგი უგულავა პრემიერ მინისტრს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს:
“თავის მხრივ, ქ. თბილისის მერია გამოთქვამს მზადყოფნას, თქვენი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილოს ეს საკითხები და გამოიყენოს ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა საშუალება წარმოქმნილი პრობლემების რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოგვარების მიზნით”, – ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.