საპარლამენტო უმცირესობამ კენჭისყრის პროცედურა პროტესტის ნიშნად დატოვა, მათი პროტესტი კი სამუშაო ჯგუფში შემავალმა კანდიდატურებმა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმის გადახედვის გეგმამ გამოიწვია.
“ძალიან სამწუხაროა, რომ დემოკრატის დროშით მოსული უმრავლესობა გადაწყვეტილებას იღებს ძალის გამოყენების მეთოდით, ანუ რადგან მათ აქვთ უმრავლესობა, შეიძლება ნებისმირი გადაწყვეტილება მიიღონ”–ეს განცხადება ჩიორა თაქთაქიშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ გააკეთა.
“ჯაშუშსა და სახელმწიფოს მოღალატეს პოლიტპატიმრად ნამდვილად ვერ ჩავთვლით, ამაზე ჩვენი პოზიცია არის ძალიან მტკიცე. აიღონ საკუთარ თავზე ბოლომდე პასუხისმგბლობა”– განაცხადა დავით საყვარელიძემ.
ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, კომიტეტმა პირველივე შინაარსობრივ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ისეთი ჯგუფი, რომლის არც მანდატია წინასწარ განსაზღვრული, არც საქმიანობის ფორმა და კრიტერიუმები.
ჯამში 200–მდე ადამიანის საქმე გადაიხედება, სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: უჩა ნანუაშვილი, ნანა კაკაბაძე, ზაზა ხატიაშვილი, გიორგი გოგია, მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, ია მეტრეველი და სხვა.
ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხდებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეც გადაიხედება. ოქრუაშვილი საფრანგეთში პოლიტპატიმრის სტატუსით ცხოვრობს.