ახალი ამბები

იყიდა თუ არა ‘სოკარმა’ ‘იტერა საქართველო’?

1 ნოემბერი, 2012 • • 2163
იყიდა თუ არა ‘სოკარმა’ ‘იტერა საქართველო’?

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი კომპანია იყიდა „სოკარმა“ ან მისმა შვილობილმა კომპანიამ, არ გვაქვს. არაფერი არ მოუწერია ოფიციალურად ჩვენთვის არც ერთ მხარეს,“ –აცხადებს „იტერა საქართველოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი მაია კირცხაია.  

 

„ინფორმაცია „იტერა საქართველოს“ გაყიდვის შესახებ დიდი ხანია ვრცელდება. დღეისათვის სამეწარმეო რეესტრში კომპანიის მფლობელი არ არის შეცვლილი. ცვლილება არ შესულა არც ფასიანი ქაღალდების რეესტრში. კომპანიის გენერალური დირექტორი ისევ დავით ბერიძეა,“ – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ „იტერა საქართელოს“ წარმომადგენლობაში.

 

„იტერა საქართველოს“  შესყიდვის შესახებ „სოკარის“ ხელმძღვანელმა როვნაგ აბდულაევმა 31 ოქტომბერს აზერბაიჯანის მედიასაშუალებებთან განაცხადა. მისი თქმით, „სოკარმა“ კომპანიის აქტივები ხელსაყრელ ფასად იყიდა. გადახდილი თანხის მოცულობა კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.

 

„სოკარი“ საქართველოში ფლობს ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, ყულევის ნავთობტერმინალს. ქვეყანაში ახორციელებს ნავთობპროდუქტების იმპორტს.  

 

„იტერა საქართველო“ ინვესტორებისათვის საკმაოდ მიმზიდველი აქტივია.  ყოფილი  „საქგაზი“ ამერიკაში რეგისტრირებულმა „იტერა ჯგუფმა“ 2003 წელს იყიდა, რის შემდეგაც შეიქმნა „იტერა საქართველო“.

 

„იტერა საქართველოს“ „იტერა ჯგუფი“ ფლობს. „იტერა საქართველოს“ მფლობელობაშია სამი შვილობილი კომპანია:  შპს „თერჯოლის ბუნებრივი აირი“, შპს „ჯორჯიან პლასტიკ ფაიფსი“, და შპს „ახალი მეტეხი“.

 

„იტერა საქართველო“ აზერბაიჯანული გაზით ქუთაისს, რუსთავს, გორს, ბოლნისს, კასპს, თეთრიწყაროს, სამტრედიას, ვანს და თერჯოლას ამარაგებს. კომპანია ბუნებრივ აირს 117 კომერციულ ობიექტს აწვდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი