სახალხო დამცველის თანამდებობაზე ამ დროისთვის ხუთი კანდიდატია წარდგენილი: თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნათია იმნაძე და გელა ნიკოლაიშვილი.
სახალხო დამცველობის ერთ–ერთი კანდიდატი ლია მუხაშავრია აღნიშნავს, რომ ომბუდსმენი ურავლესობის ზეწოლისგან უმცირესობის დასაცავად არსებობს:
“უკვე დროა, საქართველოში დავიწყოთ საუბარი სექსუალურ და სხვა უმცირესობების უფლბებზე, რომელიც პოპულარული არ არის, სამწუხაროდ, და საზოგადოება ვერ აცნობიერებს კარგად ამ უფლებების დაცვის მნიშვნელობას. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და დღეს თუ ისინი არ ჩანან, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს უმრავლესობის ძალადობრივი პოლიტიკა, რომელიც მათ აიძულებს, დამალონ ორიენტაცია და იყვნენ ფარული ცხოვრების წესის იძულებით მატარებლები”.
სახალხო დამცველობის კიდევ ერთი კანდიდატი თამარ გურჩიანი საუბრობს სასიცოცხლო სივრცის შექმნის აუცილებლობაზე ყველა უმცირესობისთვის, რადგან სწორედ ეს არის თანასწორობის პრინციპის გარანტი, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, გააჩნია ღირსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ადამიანი და დამატებითი კრიტერიუმი ამისთვის არ ჭირდება:
“მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი კულტურა არის ტოლერანტული კულტურა. სიძულვილის საფუძველი არის ირაციონალური შიში და ადამიანებს თუ მეტი ინფორმაცია ექნებათ, შიში დაიძლევა. სახალხო დამცველმა ამას ხელი უნდა შეუწყოს, უმცირესობების უფლებები არ უნდა ჩათვალოს მეორეხარისხოვან პრობლემად. თანასწორობის პრინციპის დარღვევით ამ ადამიანებს ნებისმიერი სხვა ფუნდამენტური უფლება შეიძლება შეელახოთ და იზრდება ყველა უფლების დარღვების რისკი, ამ რისკზე არავინ უნდა წავიდეს. “
გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, თუ მორალის ჩარჩოებში მოქმედებენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები და უმრავლესობაში აგრესიას არ იწვევენ, მათ აქვთ შეკრების უფლება. ნიკოლიშვილის განმარტებით, მორალის ჩარჩოების დარღვევა საზოგადოებრივ ადგილებში გრძნობების გამოხატვაა.
“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როგორ დაიცავდა ნიკოლაიშვილი 2012 წლის მაისში სექსუალური უმცირესობების უფლებებს, როდესაც ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსვლელობაზე მონაწილეებს გზა გადაუკეტეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს:
“აუცილებლად შუაში უნდა ჩამდგარიყო პოლიცია, ამას მოვითხოვდი და თუ იქნებოდა დემონსტრაციული ჩვენება კოცნის ან მოწოდებები, რა თქმა უნდა, დაპატიმებით არავინ არ უნდა დაეპატიმრებინათ, მაგრამ ადმინისტრაციული წესით, რაც არსებობს საჯარო ადგილებში ამორალური ქმედებისთვის, ის უნდა შესრულებულიყო,”– ამბობს ნოკოლაიშვილი და ამატებს, რომ მისთვის საჯარო ადგილებში გრძნობების დემონსტრირება ორსქესიან წყვილებშიც მიუღებელია.
“ნეტგაზეთი” შეეცადა დიმიტრი ლორთქიფანიძესაც გასაუბრებოდა ამ საკითხზე, მას დღეს რუსთავის #18 დაწესებულებასთან შევხვდით, მაგრამ მან ამ საკითხზე საუბარი დღეს არ ისურვა.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ 2009 წელს პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობა დასჯადი ქმედება უნდა იყოს:
“მამათმავლობა უნდა იყოს დასჯადი ქმდება, თუკი იგი საზოგადოებრივ და საჯარო ინტერესს აშკარად ლახავს, თუკი იგი წარმოადგენს გაუკუღმართებული და გაუზნეურებული ქცევის წესებს და ამით ცდილობენ საზოგადოებაში დანერგონ არაჯანსაღი ტენდენციები”.
ლორთქიფანიძემ იგივე გაიმეორა “პრაიმ–ტაიმის” პრეს–კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე 2012 წლის ოქტომბერში, უკვე როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატმა, სადაც აღნიშნა, რომ მომავალი თაობა მავნე ზეგავლენისაგან უნდა იქნას დაცული:
“უზნეობის ინსტალაცია, პროპაგანდა, აგიტაცია უნდა შეიზღუდოს, სწორედ ამას ვგულისმობდი 2009 წელს”.
რა იგულისხმება პროპაგანდასა და რეკლამირებაში, გაუგებარია ნათია იმნაძისთვის, რომელიც ომბუდსმენობის ერთ–ერთი კანდიდატია. ნათია იმნაძე საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის და ამჟამად სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის მთავარი მრჩეველი იყო:
“თუ საუბარია მაისის მოვლენებზე, ადამიანები ქუჩაში არა რეკლამისთვის, არამედ საკუთარი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ. ადამინის უფლებების დაცვა არ შეძლება იყოს აღქმული პროპაგანდად, აქ უნდა შევხედოთ კანონის კუთხით: თუ ირღვევა საქართვეელოს კანონმდებლობა, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ რეაგირება, თუ არ ირღვევა, მაშინ არავის აქვს უფლება ამას წინ აღუდგეს, მით უმეტე,ს აგრესიით და ძალადობით. ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი უმცირესობის უფლებების დაცვა შემოდის სახალხო დამცველის მანდატში და სახალხო დამცველს ეს ევალება, ეს არც არის სადისკუსიო თემა”.
უმცირესობების უფლებების დაცვაზე ნაკლებად მოითხოვენ სახალხო დამცველისგან ყურადღების გამახვილებას ის მოქალაქეები, რომლებიც “ნეტგაზეთმა” თბილისის ქუჩებში გამოკითხა. მოქალაქეების განცხადებით, პრიორიტეტული პატიმრების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და დევნილების უფლებების დაცვა უნდა იყოს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს დაჩაგრული ადამიანის და არა მჩაგვრელის დამცველი. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავად არ დაუჭერს მხარს ისეთ კანდიდატურას, რომელსაც “აკვიატება” აქვს კონკრეტული ჯგუფის მიმართ. ბერძენიშვილი არაკვალიფიციურს უწოდებს რეკლამირებასა და პროპაგანდაზე აქცენტის გაკეთებას:
“მე ვიცი, რომ იმ ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ, რომელთა უფლებებიც ირღვევა. რამდენადაც მე ვიცი, სწორედ იმ ადამიანების უფლებები ირღვევა, ვისზე საუბარიც ვინმეს რეკლამირება ჰგონია. იმ ადამიანს, რომელიც არ დაიცავს რომელიმე ჯგუფის უფლებას, პირადად მე არ განვიხილავ სახალხო დამცველად. არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ჩვენ უნდა დავმალოთ უმცირესობის წევრები, თითქოს არ გვყავდეს, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველას უფლება”.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ “ნეტგზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვა, მიუხედავად იმისა, რა ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა:
“უფლებების დაცვა არის ერთი, თუ ირღვევა ვინმეს უფლება, ის უფლება უნდა დაიცვა, მაგრამ რეკლამირება არის ამ თუ იმ საქმიანობის, ცხოვრების წესის, მოწოდება, რომ შენც ასე გააკეთე, ასე მოიქეცი. სექსუალური უმცირესობების რეკლამირების წინააღმდეგი ვარ”,–განაცხადა ხმალაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილის თქმით, ომბუდსმენობის კანდიდატი უნდა იყოს პირი, რომელიც ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას დაიცავს. მინაშვილის კოლეგა, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ყველა ის პრობლემა, რომელიც აქტუალურია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით:
“ქვეყანაში რა პრობლემებიც დგას, ის უნდა იყოს მუდმივი ყურადღების ცენტრში და მხოლოდ ციხის პრობლემები არ დგას, ჩვენ ვხედავთ დემოკრატიზაციის კუთხით პრობლემებს, ციხის გარეთ რა ხდება, პოლიტიკაში, რელიგიურ წრეებში, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლების მიმართ რა ხდება. ეს ყველაფრი ადამიანის უფლებათა საკითხებია”.
სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში შესაბამისი პროცედურები მომდევნო კვირიდან დაიწყება.