ახალი ამბები

ივანიშვილის პირველი ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად

1 ნოემბერი, 2012 • 1285
ივანიშვილის პირველი ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად

ივანიშვილის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს და შემდგომ ახალ ხარისხში აიყვანოს:

“სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, ორ ქვეყანას შორის 2008 წლამდე ჩაკეტილი იყო საზღვრები, ამას დაერთო 2008 წლის გაუაზრებელი ომი და დღემდე ასეთი მდგომარეობაა”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება იმის იმედს იძლევა, რომ ურთიერთობების დარეგულირება მოხერხდება:

“ზურაბ აბაშიძეს მძიმე სამუშაო ელოდება, ის იყო საქართველოს ელჩი რუსეთში და მას დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით მუშაობის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში აღვადგენთ კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებს, ხოლო წელსვე თუ მოვახერხებთ ჩვენი ციტრუსების გატანას რუსეთის ფედერაციაში, ეს იქნება იდეალური ვარიანტი”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის წარდგენა
პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის წარდგენა

პრემიერ-მინისტრის თქმით, ზურაბ აბაშიძე პირადად მას დაექვემდებარება და მასთან ექნება ურთიერთობა:

“ეს ქართული მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად გადადგმული პირველი ნაბიჯია. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ რუსეთის მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა მანამდე არ აღდგება, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი არ იქნება:

“ჩვენ ვიწყებთ უფრო იოლი საკითხებით ურთიერთობების დარეგულირებას, ეს ეხება, პირველ რიგში, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა კი მჭიდრო კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის ცნებასთან. არსებულ სიტუაციაში დიპლომატიური ურთიერთობები არ შეიძლება აღდგეს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის და ვისთან გაიმართება პირველი შეხვედრები რუსეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი