ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა მოსამართლის შესაძლო მოქრთამვის საქმის გამოძიებას მოითხოვს

6 თებერვალი, 2017 • 2206
საპარლამენტო უმცირესობა მოსამართლის შესაძლო მოქრთამვის საქმის გამოძიებას მოითხოვს

“მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო”  “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის ყოფილი თავმჯდომარის, ნატა ნაზღაიძის შესაძლო მოქრთამვის საქმის გამოძიებას მოითხოვს.  ამის შესახებ დღეს, 6 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

გადაცემა “პოსტკრიპტუმის” ინფორმაციით, ნატა ნაზღაიძის ოჯახს, რომელმაც “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით,  თბილისის მერიამ თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებულ 5000 კვადრატული მეტრი მიწა გადაუფორმა. მათივე ინფორმაციის თანახმად, 129 ათას ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 ათას დოლარი- საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, დამატებით 220 ათას ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

“გუშინ გამოტანილი ფაქტებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ის წასაღებად და დასახურად ყველაფერს კადრულობს. გუშინ ვნახეთ უკიდურესი ცინიზმი, როდესაც მოსამართლეს ქრთამს უხდიან გაღარიბებული მოსახლეობის ჯიბეებიდან. ბიძინა ივანიშვილს ისიც კი არ უნდა, რომ საკუთარი ჯიბიდან გადაეხადა ქრთამი, არამედ ეს ფული გადაგვახდევინა ჩვენ. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს,” – ამბობს ირმა ნადირაშვილი.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მიწა, რომლისთვისაც კომპენსაცია გაიცა, იპოთეკით იყო დატვირთული და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2013 წელს ბანკის სახელზე გადაფორმდა. საპარლამენტო უმცირესობა  მოითხოვს, საქართველოს ბანკმა გააკეთოს განმარტებები, “რომელი მაღალჩინოსნის ბრძანების შედეგად მოხდა ის, რომ წართმეული ნაკვეთი ფულის გადახდის გარეშე დაუბრუნეს მფლობელს”:

“მოვითხოვთ, ქალაქის მერმა გააკეთოს განმარტება, რა მანქანებით და რა საჭიროების მიზნით გამოცხადდა ყოვლად უვარგისი მიწა სახელმწიფოსთვის საჭირო მიწის ნაკვეთად და როგორ გადაიხადეს მასში მილიონ ლარზე მეტი. ამ კითხვებით პროკურატურასაც მივმართავთ. დღეს ირაკლი აბესაძე შეიტანს შესაბამის განცხადებას პროკურატურაში.  დაიწყონ გამოძიება და გამოაარკვიონ, რასთან გვაქვს საქმე,” – ამბობს ნადირაშვილი.

ნატა ნაზღაიძის ძმამ, ზვიად ნაზღაიძემ “პოსტკრიპტუმს” განუცხადა, რომ მისი პირადი საქმიანობა და ნატა ნაზღაიძის მოსამართლეობა ერთმანეთთან კავშირში არაა:

“2013 წლიდან დაწყებულ ჩემს პირად საქმიანობას და პრობლემებს რატომ უკავშირებთ ჩემი დის მოსამართლეობას, ვერ ვხვდები. ეს ყველაფერი 2013 წელს დაიწყო. ”

2016 წლის 7 ივლისს  ნატა ნაზღაიძის, შორენა ყველაშვილისა და ნათია გუჯაბიძისაგან შემდგარმა კოლეგიამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2-ის წილები ქიბარ ხალვაშს უნდა გადაეცეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის მსგავსად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, ანუ ამორალურ გარიგებაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ამ დავაში ქიბარ ხალვაშია მართალი.

“განსხვავებით გავლენის ბოროტოად გამოყენების შედეგად ან იძულებით დადებული გარიგებებისაგან (სამოქალაქო კოდექსის 55-ე და 85-ე მუხლები), გარიგების ამორალურად მიჩნევისთვის აუცილებელი არ არის იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება. საკმარისია არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის, რომ სასამართლომ ის მიიჩნიოს ამორალურ გარიგებად. შესაბამისად, შეუძლებელია გარიგების ამორლაური ბუნების გამორიცხვა იმის გამო, რომ არ დგინდება ერთ მხარეზე მეორე მხარის მიერ განხორციელებული იძულების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2005 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების დადების დროს წილის ნასყიდობის ფასი 4.35-ჯერ აღემატებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ ფასს, ხოლო 2006 წელს 17 ნოემბრის ხელშეკრულების შემთხვევაში – თითქმის 15-ჯერ (38% წილთან დაკავშირებით) და 16-ჯერ (40% წილთან დაკავშირებით). განსახილველ შემთხვევაში, მართალია, არ დგინდება ქიბარ ხალვაშის მიმართ განხორციელბული ზეწოლის ფაქტი, მაგრამ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემობების საფუძველზე პალატას ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება ბათილია გარიგების ამორალურობის სამართლებრივი საფუძვლით”, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში, რომელსაც ქვემოთ მოყვანილ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.  ჯამში, გადაწყვეტილება სულ 70-გვერდზე მეტია, თუმცა მის გარკვეულ ნაწილში სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორდება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი