ახალი ამბები

სტუდენტები პროკურატურას მათი გატაცების საქმის გამოძიებას სთხოვენ

1 ნოემბერი, 2012 •
სტუდენტები პროკურატურას მათი გატაცების საქმის გამოძიებას სთხოვენ

ოთხი სტუდენტი– გიორგი ცინცაძე, ივანე მეფარიშვილი, ბადრი ოთარაშვილი და ალექსანდრე კობაიძე, როგორც თავად აცხადებენ, 2011 წლის 26 ოქტომბერს უნივერსტეტიდან გაიტაცეს. ისინი რექტორის კაბინეტთან შიმშილობდნენ:

“ჩვენ ვშიმშილობდით იმიტომ, რომ ვაპროტესტებდით ტექნიკურ უნივერსიტეტში ხალხის პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ სტუდენტებად დაყოფას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად ვსწავლობდით და ვსწავლობთ, სტიპენდია მხოლოდ პრივილეგირებულ სტუდენტებს, მათ შორის თვითმმართველობის წევრებს ეძლეოდათ. ჩვენთან იდევნებოდა განსხვავებული აზრი და მოვითხოვდით რექტორისგან შესაბამის რეაგირებას, თუმცა მან არ ისურვა ჩვენთან შეხვედრა”, – აცხადებს ერთ–ერთი სტუდენტი ალექსანდრე კობაიძე.

მისი თქმით, ოთხივე მოშიმშილე სტუდენტი დაახლოებით 20–მდე სპეცრაზმელმა გაიტაცა, ისინი ჯერ კულტურის, სპორტისა და სტუდენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბორის გითოლენდიასთან ჩაიყვანეს, შემდეგ კი– სოფელ ძეგვში და იქ დატოვეს. ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ გატაცებისას იყო როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ზეწოლა:

“ჩვენს გატაცებაში ბორის გითოლენდიას გარდა მონაწილეობას იღებდა ახლანდელი მოქმედი დაცვის უფროსი, მოქმედი თვითმმართველობის ხელმძღვანელი, ამ ყველაფერს კი უშიშროების მესამე განყოფილების უფროსი ლევან ტატიშვილი ხელმძღვანელობდა”, – აცხადებს ალექსანდრე კობერიძე.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, მაშინ მათ მხოლოდ სახალხო დამცველს მიმართეს, რადგან იმედი არ ჰქონდათ, რომ ამ ფაქტს პოლიცია გამოიძიებდა:

“ეს ფაქტი სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა, თუმცა ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისგების საკითხი, ვინც ჩვენს გატაცებაში მონაწილეობდა, ისინი დღეს კვლავ თანამდებობაზე მუშაობენ და ზოგიერთი დააწინაურეს კიდეც. ახლა გვგონია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში არავინ ჩაერევა, ამიტომ შეგვაქვს განცხადება პროკურატურაში”, – განაცხადა ალექსანდრე კობერიძემ.

სტუდენტები განცხადებას დღეს, 13:00 საათზე შეიტანენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი