ახალი ამბები

პოლიციამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადმინისტრაციული წესით დააკავა

5 თებერვალი, 2017 • 2464
პოლიციამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადმინისტრაციული წესით დააკავა

დღეს, 5 თებერვალს, სოფელ ციხისძირში გამართულ საპროტესტო აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი და ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდმარე ბონდო თედორაძე დააკავეს.

ელგუჯა ბაგრატიონი

ელგუჯა ბაგრატიონი

უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, დაკავებულები ამ წუთებში პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ.

დღეს ავტომაგისტრალი რამდენიმე საათით იმის გამო ჩაიკეტა, რომ ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, ჩაქვიდან და ციხისძირიდან ამოთხრილი ხეები გაჰქონდათ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ციხისძირში ხეების გადატანას აპროტესტებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსმსახურის ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა და ქობულეთის საკრებულოს წევრმა ბონდო თედორაძემ გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ ისინი დააკავა. საქმე აღძრულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ხეების გადატანის საპროტესტო აქციაზე ელგუჯა ბაგრატიონი დააკავეს. პირველად ის პარტიზანი მებაღეების სამ წევრთან ერთად გასული წლის სექტემბერში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი