სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, დღეს, 31 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავ,ჯდომარე და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი წარადგინა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მაია ხასია დაინიშნა.
მაია ხასაია 1991 წლიდან მუშაობდა სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე, 2000 წლიდან– დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსად, 2004 წლიდან 2006 წლის მარტამდე იყო იუსტიციის სამინისტროს რეფორმისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, 2006 წლიდან დღემდე კი, საერთაშორისო ორგანიზაცია ციხის საერთაშორისო რეფორმაში. ჩატარებული აქვს კვლევა – პატიმართა რეაბილიტაციის პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში (სამი გამოცემა 2004-06 წლები). არის ავტორი გამოცემებისა: სახელმძღვანელო ციხის სოციალური მუშაკებისათვის; საპყრობილის თანამშრომლებისათვის; ტრენერთა სახელმძღვანელო; სახელმძღვანელო დახურული ინსტიტუციების მონიტორებისათვის.
ხასია კითხულობდა ლექციების კურსს ადამიანის უფლებებსა და სასჯელაღსრულების სამართალში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. არის კანადის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ტრენინგ– პროგრამის ტრენერი, საერთაშორისო ტრენერის სტატუსით მიწვეული იყო სხვადასხვა ქვეყნებში, არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტრენერი.
სამედიცინო დეპარტამენტის უფროსად სუბარმა გურამ კერესელიძე წარადგინა.
კერესელიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა თსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის, სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე, სხვადასხვა რაიონული საავადმყოფოების გენერალურ დირექტორად.
“მისი დამსახურებაა ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სააგენტოს შექმნა, რომლის დირექტორადაც მუშაობდა დღემდე. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო ჯანდაცვის სფეროში წარმატებული მუშაობისთვის,”- ნათქვამია განცხადებაში.





