ახალი ამბები

თურქეთს სხვადასხვა ქვეყანაში, სავარაუდოდ, გიულენთან დაკავშირებული სკოლების დახურვა სურს

4 თებერვალი, 2017 • 12933
თურქეთს სხვადასხვა ქვეყანაში, სავარაუდოდ, გიულენთან დაკავშირებული სკოლების დახურვა სურს

საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც თურქეთის ხელისუფლება ითხოვს, დახუროს ის საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ფეტულა გიულენთანაა დაკაშირებული, იმ მოტივით, რომ ისინი ტერორისტული ორგანიზაციები არიან.

თურქული გაზეთის, ჰურიეთის ცნობით, თურქეთი აგრძელებს მოლაპარაკებებს 50 ქვეყნის მთავრობასთან: პაკისტანში, ავღანეთში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ალბანეთში, ტაილანდში, კამბოჯაში, კვიპროსის თურქულ ნაწილში, ერაყში, მოლდოვაში, უგანდაში, ავსტრალიაში, ინდონეზიასა და აზერბაიჯანში გიულენის სკოლების კურიკულუმების შეცვლაში.

“ჩვენ შევთავაზებთ არსებით კურსს თურქულ ენაში, ასევე, თურქული ენის მოსამზადებელ კურსებს.”, – განაცხადა ჯემ ზორლუმ, იმ სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომელიც პასუხისმგებელია თურქეთისთვის გადაცემული სკოლების მართვაზე.

ვინ არის ფეტულა გიულენი

ფეტულა გიულენი აშშ-ში მცხოვრები, წარმოშობით თურქი რელიგიური ლიდერია, რომელიც ერთ დროს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მეგობარი და მოკავშირე იყო, თუმცა ამჟამად დაპირისპირებული არიან.

2016 წლის ივლისის გადატრიალების მცდელობას ერდოღანი ფეტულა გიულენს და მის ორგანიზაცია “ჰიზმეთს” აბრალებს. თუმცა გიულენი ამ ბრალს უარყოფს. გიულენის “ჰიზმეთი” 1960-იან წლებში ჩამოყალიბდა და “დღეს მსოფლიოში უდიდეს ისლამურ ქსელად იქცა, რომელიც  საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქველმოქმედო და სამოქალაქო ორგანიზაციებს აერთიანებს.

დაწვრილებით: ვინ არის ფეტულა გიულენი? – მოძრაობა “ჰიზმეტი” და დაპირისპირება ერდოღანთან

სწორედ გადატრიალების მცდელობის შემდეგ იწყება ერდოღანის მთავრობის მცდელობები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეასუსტოს გიულენის გავლენა მასთან დაკავშირებული სკოლებისა თუ სხვა ინსტიტუციების დახურვით.

საქართველო

შაჰინის სკოლა-ლიცეუმი, რომელსაც 3 თებერვალს საქართველოს განათლების სამინისტრომ აღმოჩენილი დარღვევების გამო შეუჩერა ავტორიზაცია, თურქეთის კონსულმა ბათუმში ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენია, რადგან მისი თქმით, ეს სკოლა ფეტულა გიულენთანაა დაკავშირებული.

კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

2016 წლის აგვისტოში განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში ვიზიტის დროს ისაუბრებდა ამ საკითხის შესახებაც.

აზერბაიჯანი

BBC-ის 2016 წლის სექტემბერში მომზადებული სტატიის მიხედვით, თურქეთის მოთხოვნის შესაბამისად, ბაქოში მდებარე “კავკასიის უნივერსიტეტს მმართველები შეიცვალა. რადგან თურქეთის მთავრობამ უნივერსიტეტი ტერორისტული ორგანიზაციების ნუსხაში შეიყვანა გიულენთან სავარაუდო კავშირის გამო.

თურქული გაზეთის ცნობით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა გადაიბარა აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის კომპანია სოკარმა.

პაკისტანი

2016 წლის 16 ნოემბერს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაკისტანიდან გააძევეს 450 მასწავლებელი. ისინი მუშაობდნენ  “პაკ-ტურკ” სკოლებში, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებული არიან გიულენის მოძრაობასთან. დეპორტაციის მიზეზად ვიზების არგაგრძელება დასახელდა.

ამ ფაქტს ერდოღანმა “სასიამოვნო” უწოდა და დაამატა, რომ პაკისტანის მთავრობა სწრაფად მიდის იმ მიზნისკენ, რომ აღკვეთოს პაკისტანში გიულენისტების არსებობა. ამ სკოლების თაობაზე დისკუსია თურქეთსა და პაკისტანს შორის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პაკისტანში ვიზიტის დროსაც გაიმართა.

ინდონეზია

ინდონეზიური გაზეთის, “ჯაკარტა პოსტის” ცნობით, ერდოღანის მთავრობამ ინდონეზიასაც მოსთხოვა დაეხურა სკოლები, რომლებიც მისი მტკიცებით, ფეტულა გიულენთანაა დაკავშირებული, თუმცა ინდონეზიის მთავრობამ თურქეთის თხოვნა არ გაითვალისწინა.

ინდონეზიის განათლებისა და კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ “ფასიადის ფონდის” მართვაში არსებული 9 სკოლა, რომელზეც იყო საუბარი, არ დაიხურებოდა.

ყაზახეთი

რადიო თავისუფლების ცნობით, თურქეთმა 2016 წლის აგვისტოში მიმართა ყაზახეთს, რომ დაეხურა ყაზახ-თურქული სკოლები, რადგანაც მათ გიულენთან ჰქონდა კავშირი, თუმცა ყაზახეთის მთავრობამ  სკოლები არ დახურა.

5 აგვისტოს ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ თუკი რომელიმე მასწავლებელს თურქეთის წინააღმდეგ მოქმედებაში ამხელენ, აუცილებლად შეატყობინებენ თურქეთს. რაც შეეხება სკოლებს, ისინი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა და ტერორიზმთან არავითარი კავშირი არ აქვს, განაცხადა მაშინ ნაზარბაევმა.

ნაზარბაევის თქმით, სკოლების მასწავლებლების 90% ყაზახეთის მოქალაქეა და ეს სკოლები ყაზახეთის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილია. თურქეთი ყაზახეთში დაახლოებით 17 სასწავლებლის დახურვას ითხოვდა.

ყირგიზეთი

ყაზახეთის მსგავსად, თურქეთის მოთხოვნის მიუხედავად, არ დახურა სკოლები ყირგიზეთმა. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, “რადიო თავისუფლების” ცნობით, განაცხადა, რომ ისინი ითანამშრომლებენ თურქეთთან ტერორიზმის საკითხებში, თუმცა შეახსენა, რომ ყირგიზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

ტანზანია

Abc news “ასოშიეითიდ პრესზე” დაყრდნობით წერს, რომ ერდოღანის აფრიკაში ვიზიტების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა გიულენის ორგანიზაციასთან დაკავშირებული სკოლების დახურვაა.

2017 წლის იანვარში ტანზანიაში, მოზამბიკსა და მადაგასკარში ერდოღანის საქმიანი ვიზიტის დროს განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის იმ სკოლებისა, რომლებსაც თურქეთი გიულენს უკავშირებს.

ტანზანიის დატოვებამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ აფრიკის ლიდერებს უნდა ესაუბროს გიულენის მოძრაობის “ინტენსიურ ქმედებებზე”, რომლებმაც მთელი აფრიკის კონტინენტი მოიცვა.

“აღარ უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ დაიმალონ მკვლელების ბანდები, რომლებიც შირმად იყენებენ დიალოგს, განათლებას, ვაჭრობასა და მსახურებას”, – განაცხადა ერდოღანმა.

Abc news-ის ცნობით, ტანზანიაში არსებული 11 სკოლა, რომლებიც “ფეზას” სისტემის ქვეშ იმართება, ინსპირირებულია  გიულენის მოძრაობით, ჰყავს 3 000 სტუდენტი, მისი ნახევარზე მეტი არის მუსლიმი.

“ფეზას” დირექტორმა იბრაჰიმ იუნუსმა “ასოშიეითიდ პრესს” განუცხადა, რომ თურქი დიპლომატები ცდილობენ დაარწმუნონ ადგილობრივი მთავრობა, რომ ერდოღანის ვიზიტის დროს სკოლები თურქეთისთვის საჩუქრად გადაეცათ. იუნუსი ამბობს, რომ სკოლები უსაფრთხოა.

ეთიოპია

ეთიოპიის პრემიერმინისტრმა ჰაილემარია დეზალემ განაცხადა, რომ გიულენის სკოლები გადაეცემა თურქეთის მთავრობას. მან თქვა, რომ ერდოღანთან შეხვედრის დროს ამ საკითხებზე ისაუბრეს.

“მას ვუთხარი, თუ არის რაიმე პრობლემა ამ სკოლებში, მაშინ მან უნდა გვაჩვენოს გზა, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ეს სკოლები. ისინი დაგვთანხმდნენ ამაზე და მოძებნეს ახალი ბაზისი”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მაროკო

ჰურიეთის ცნობით, გიულენთან დაკავშირებულ სკოლებს შეექმნათ საფრთხე მაროკოშიც, სადაც გასცეს ბრძანება ამ სკოლების დახურვის შესახებ.

”მუჰამედ ალ-ფათიჰის ჯგუფთან დაკავშირებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ისინი განათლების საშუალებით ავრცელებდნენ იდეოლოგიასა და იდეებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მაროკოს განათლებისა და რელიგიის პრინციპებს”, – წერია მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც ჰურიეთი ავრცელებს.

განათლების სამინისტროდან მიღებული წერილების პასუხად, ეს სკოლები ერთი თვის ვადაში უნდა დაიხუროს. ჰურიეთის ცნობით, მუჰამედ ალ-ფათიჰის ჯგუფის სკოლებში სწავლობს 2500 მოსწავლე, ამათგან 2470 მაროკოელია.

ადგილობრივი გაზეთი მაროკო ვორლდ ნიუსმაც დაწერა 5 იანვარს, რომ სკოლების დასახურად 1 თვე მისცეს დრო, თუმცა ადგილობრივი მშობლები სკოლის დახურვას ეწინააღმდეგებიან.

სომალი

ნიუ იორკ თაიმსი ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში წერდა, რომ ომგამოვლილ სომალიში თურქეთის თხოვნით დახურეს ორი სკოლა და ერთი ჰოსპიტალი, რომელიც დაკავშირებული იყო გიულენთან.

გამოცემა ხაზს უსვამს თურქეთის როლს, რომელიც ომისგან დანგრეულ სომალის სტაბილურად ეხმარება ფინანსურად, ასევე, ერდოღანი პირველი არააფრიკელი ლიდერია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში სტუმრობდა სომალის.

მასალების გადაბეჭდვის წესი