ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები საადვოკატო უფლებამოსილებას იხსნიან

31 ოქტომბერი, 2012 •
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები საადვოკატო უფლებამოსილებას იხსნიან

“მოცემული განცხადებით, ჩვენ ვწყვეტთ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ყველა იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში მოქალაქეთა და იურიდიული პირების ინტერესების დაცვას, ასევე წარმომადგენლობებს ადგილობრივ სასამართლოებში”, – განაცხადა დავით ჯანდიერმა. 

 

მისივე თქმით, იგი ასევე აღარ იქნება ადვოკატი სანდრო გირგვლიანის საქმეზე:

 

“2010 წლის 29 აპრილს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”. აღნიშნული განაჩენი ექვემდებარება აღსრულებას და აღსასრულებლად არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში. მე მივმართე აღნიშნულ კომიტეტს ოფიციალური განცხადებით, რომ გადავდექი გირგვლიანის საქმიდან, როგორც ამ საქმის ადვოკატი”.

 

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი.

 

“2012 წლის 14 იანვარს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი იქნა გეგმა გირგვლიანის საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ მომენტამდე ჩემთვის საიდუმლოა, ხოლო სრულყოფილი გეგმა წარდგენილი უნდა იყოს 2012 წლის 4–6 დეკემბერს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს გეგმა სრულყოფილი სახით  იქნას წარდგენილი და ამ განცხადების შემდეგ მე მექნება შესაძლებლობა, გავეცნო გირგვლიანის საქმის იმ ნაწილს, რომელიც ცნობილია მხოლოდ სახელმწიფოსთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი