ამ წუთებში შუახევის მუნიციპალიტეტში, პოლიციასთან გაზეთ „ბათუმელების” რეპორტიორ მანანა ქველიაშვილს პოლიცია სთხოვს, ახსნა-განმარტების მისაცემად გაჰყვეს. მათი თქმით, პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რომ რეპორტიორი თვითნებურად შეიჭრა ხიჭაურის უნივერსიტეტში.
მანანა ქველიაშვილი დღეს შუახევში ხიჭაურში მასალის მოსამზადებლად იმყოფება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე სპირიდონის რეზიდენციას ღამის ორ საათზე ქვები დაუშინეს, „ბათუმელების” რეპორტიორი სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად იმყოფება ხიჭაურში.
მანანა ქველიაშვილის თქმით, ის საათნახევრის მანძილზე ელოდებოდა მეუფე სპირიდონს ხიჭაურის უნივერსიტეტთან და მას შემდეგ, რაც მეუფე შენობიდან გამოვიდა, მანანა ქველიაშვილი სასულიერო პირთან მივიდა და გუშინდელი ინციდენტის შესახებ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, რასაც ეპისკოპოსის განრისხება მოჰყვა. მეუფე სპირიდონი დაინტერესდა, ჰყავდა თუ არა რეპორტიორს მოძღვარი, რომ მას დაკავშირებოდა და მოსთხოვა, სასწრაფოდ დაეტოვებინა ტერიტორია.
ამის შემდეგ მანანა ქველიაშვილი შუახევის პოლიციის განყოფილებისკენ წავიდა, რომ პოლიციაში მიეღო ინფორმაცია რეზიდენციისათვის ქვების სროლის შესახებ. ქველიაშვილი ამბობს, რომ მას მეუფის ჯიპმა ჩაურა, ცოტა ხნის შემდეგ კი მასთან პოლიციელი მივიდა და უთხრა, რომ მას უნდა წაჰყოლოდა, რადგან განყოფილებაში შემოსული იყო შეტყობინება, რომ იგი შეიჭრა უნივერსიტეტში.
გაზეთ „ბათუმელების” რეპორტორისა და მეუფე სპირიდონის აუდიოჩანაწერს „ბათუმელები” რეპორტიორის ბათუმში დაბრუნებისთანავე გამოაქვეყნებს.
მეუფე სპიროდონი (ერისკაცობაში გრიგოლ აბულაძე) სხალთის ეპისკოპოსია.