ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის მოადგილეებად დავით დონდუა და თამარ ბერუჩაშვილი იქნებიან.
დავით დონდუას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2006-2008 წლებში ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. იქამდე (2000-2006) დონდუა იყო ელჩი ნატოში. 1998 – 2000 წლებში კი– საგანგებო სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში.
გარდა ამისა, დავით დონდუა 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
რაც შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მეორე მოადგილეს, თამარ ბერუჩაშვილს, ის ამ დრომდე ამავე უწყებაში მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.
თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე.
ის ასევე მუშაობდა ანალიტიკოსად სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლების ცენტრში, დოქტორ ბზეჟინსკის ოფისში, ვაშინგტონში. გარდა ამისა, არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დამფუძნებელთა საბჭოს წევრი.