ახალი ამბები

მოშიმშილეები ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელის ბლოკირებას გეგმავენ

30 ოქტომბერი, 2012 •
მოშიმშილეები ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელის ბლოკირებას გეგმავენ

სოციალურად დაუცველები ასევე აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხვალამდე მათ მინისტრი არ შეხვდება, მთავრობის სხდომაზე მივლენ და ასე შეეცდებიან საკუთარი მდგომარეობის შესახებ აცნობონ მთავრობას:


“შიმშილობა დღეს დავიწყეთ, ჩვენ პირველ რიგში გვინდოდა შევხვედროდით მინისტრს, ჩვენ ამაზე ოფიციალური განცხადება დავწერეთ და დაგვიბარეს დღეს, მაგრამ მინისტრი არ შეგვხვდა. იყო პასუხი, რომელმაც არ დაგვაკმაყოფილა, თითქოს ჩვენი საქმე განიხილება. გაგვიკეთეს იგნორირება, არ ჩაგვთვალეს ხალხად, ამიტომ ჩვენ მივმართეთ უკიდურეს ფორმას. ჩვენ ვართ სოციალურად დაუცველები, გვყავს ბავშვები, მარტოხელა დედები, პენსიონერი მოხუცები და ყველა ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ქირას ვერ ვიხდით. უმრავლესობა ვართ ქუჩაში, ან ვართ შეკედლებული, ამიტომ ვითხოვთ ფართს”, – აცხადებს ერთ-ერთი მოშიმშილე მარინა ჭიღლაძე.

 

როზა გოგოლაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სოციალურად დაუცველთა ფართით დაკმაყოფილება არ მოხდება, დევნილი მოსახლეობის მსგავსად, რომელიმე შენობაში შეიჭრებიან:

 

“ჩვენ ხომ არ ვართ მოძალადეები, არსად არ შევიჭერით და ყველაფერი ცივილიზებულად გავაკეთეთ, რატომ უნდა დავიჩაგროთ ჩვენ და რატომ უნდა შეუწყონ ხელი, ვინც იძალადა. თუ ასეა, მაშინ ჩვენც იძულებული ვიქნებით ვიძალადოთ. ჩვენ არავისგან არ ვართ მართული, ვითხოვდით ფართს არჩევნებამდეც, მაგრამ ბატონმა ნოდარ ხადურმა გვთხოვა მოგვეცადა, მაშინ ის მინისტრი ჯერ არ იყო. მოვიცადეთ, მაგრამ მაინც არავინ გვაქცევს ყურადღებას, ჩვენ მივეცით ხმა ივანიშვილს, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ მისი იმედიც აღარ უნდა გვქონდეს, ჯერჯერობით ასეა”, – აცხადებს როზა გოგოლაშვილი.

 

მოშიმშილეთა განცხადებით, მათთვის ქირით დაკმაყოფილება არავის შეუთავაზებია, თუმცა ისინი ამ შემოთავაზებაზე მაინც არ დათანხმდბოდნენ. მათი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშლებიან, თუკი მათი ფართით დაკმაყოფილება მოხდება.

 

ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში 40-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი