Interviewsახალი ამბებიკომენტარი

რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში? – ინტერვიუ ნათია კუპრაშვილთან

3 თებერვალი, 2017 • 8544
რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში? – ინტერვიუ ნათია კუპრაშვილთან

კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის” დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე “რეალური სივრცისა” და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოკ-შოუების დახურვა, ასევე, თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა იგეგმება. ნეტგაზეთი მედიაკოალიციის წევრი ერთ-ერთი ორგანიზაციის, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციციის ხელმძღვანელ ნათია კუპრაშვილს ესაუბრა.

როგორ შეიტყვეთ ეს ინფორმაცია და თუ გქონდათ კონტაქტი საზოგადოებრივი მაუწყებელის მენეჯმენტთან?

ეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან გახდა ცნობილი. მე სამოქალაქო სექტორშიც პროფესიით ჟურნალისტად ვრჩები და არ ვავრცელებ ინფორმაციას, რომელიც 2 დამოუკიდებელ წყაროსთან არ მაქვს გადამოწმებული. აქაც იგივე მდგომარეობაა. “რეალური სივრცე” [განცხადებაში] გამოიყო იმის გამო, რომ  მასზე დადასტურებული ინფორმაცია გვქონდა. მე ვიმედოვნებდი, რომ დღეს გვეტყოდნენ: თქვენ ცრუ ინფორმაცია გაავრცელეთო და მზადაც ვიყავი, რომ ბოდიში მოგვეხადა, თუმცა მივიღეთ სხვა პასუხი, რომ ორშაბათს წარმოვადგენთ გეგმებსო და არ იყო დაკონკრეტებული, რომ ამ გეგემბში არ შედის ის, რაც ჩვენ გავავრცელეთ. შესაბამისად, ჩვენთვის ესეც დადასტურებაა.

ვისთან გქონდათ კომუნიკაცია საზოგადოებრივი მაუწყებელის ხელმძღვანელობიდან?

ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს არა, მაგრამ მენეჯმენტის ნაწილს შევხვდით.

როგორ დაასაბუთეს მათ ეს თემა, თუ წარმოადგინეს არგუმენტები?

არა, ამ ტიპის მსჯელობა მათივე სურვილის გამო არ გვქონია, თუმცა მათ გვითხრეს, რომ ყველაფერი ორშაბათს იქნება ცნობილი და ჩვენთანაც არც უარყვეს და არც დაადასტურეს ის ინფორმაცია, რომელსაც  სხვა წყაროებიდან ვფლობდით.

შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად ვის შეხვდით?

მენეჯმენტის დიდ ნაწილს, პრინციპში [ყველას] ვინც [ხელმძღვანელობაში] არის, გარდა მაღლაფერიძისა

 

რაც შეეხება ამ ინფორმაციას, რომელიც მედიაკოალიციამ მოიპოვა და გაავრცელა. რატომ არის ეს ინფორმაცია პრობლემური საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, თქვენი აზრით?

როდესაც ვსაუბრობთ [თანამშრომლების] მასობრივ გათავისუფლებაზე (თავი რომ დავანებოთ შრომით უფლებებს და ა.შ), ძალიან მნიშვნელოვანია დასაბუთება და გარანტიები იმისათვის, რომ  უკეთესი პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. საუბარი იმაზე, რომ პროდუქტი იქნება რამდენიმე თვის ან წლების შემდეგ და ახლა ხელის ერთი მოსმით ყველაფერს გავაჩერებთ, მე ვფიქრობ, რომ პრობლემურია. ეს გამოიწვევს მაუწყებლის პარალიზებას. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგზე და ამ ინსტიტუციის გავლენაზე საზოგადოებაში პრეტენზიები ჩვენც შეიძლება გვქონდეს, მაუწყებელს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რომელიც მინავლდება  და დაბრუნება თუნდაც იმ ნიშნულამდე, რომელიც დღეს აქვს მაუწყებელს, საკმაოდ რთული იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ სიცხადე და გარანტიები, რომ ბადე იქნება უკეთესი არა რამდენიმე წლის შემდეგ, არამედ თუკი რაიმე ჩანაცვლება იგეგემება, ჩანაცვლებისთანავე. შესაბამისად, ველოდებით. რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, იხურება პროგრამები და ველოდებით გარანტიებს, რომ ხვალ უკეთესი პერსონალით უკეთეს პროდუქციას შექმნიან. ეს უკეთესი პერსონალი საიდან მოდის ბაზარზე? საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ერთ-ერთი პრობლემა არის წინასწარი ინფორმაცია, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, კი არ ბათილდება, არამედ მიღებული შედეგებით დასტურდება ხოლმე. არსებობდა წინასწარი ინფორაცია იმაზე, თუ ვინ იგეგმებოდა ხელმძღვანელად, არის წინასწარი ინფორმაცია იმაზე, რომ უნდა გაიწმინდოს ველი სხვა მაუწყებლიდან კადრების ინტეგრირებისათვის. იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია არ დადასატურდება, თუმცა ეს მხოლოდ იმედია, და ეჭვი, რომ საპირისპირო მოხდება, უფრო ძლიერია.

მაუწყებლის გარკვეული პროგრამების მიმართ და იქ დასაქმებული პირების პროფესიონალიზმის კუთხით მეც შეიძლება მქონდეს პრეტენზიები, მაგრამ თუ გვეტყვიან, რომ ახალ კადრებს უკეთესი პროდუქცია აქვთ გაკეთებული, ან რაოდენობრივი ან ხარისხობრივი მაჩვენებლით [ეს უნდა დაადასტურონ]… ამ ქვეყანაში კვლევები ტარდებოდა და შეიძლება გადავხედოთ ამ მონაცემებს. მე ვერ მივიღებ ამგვარი ტიპის არგუმენტებს იმიტომ, რომ ისინი ფიზიკურად არ არსებობს.

ჩვენ განცხადებაში ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი [ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო]. მოქალაქეები მზად არიან, არაერთი მილიონი გაიღონ [ქვეყნის ბიუჯეტიდან] იმისთვის, რომ გარანტირებულად ჰყავდეთ პროცესის გამშუქბელი მაუწყებელი, ეს [შესაძლო ცვლილებები], პირველ რიგში, მოქალაქეების უფლებების დარღვევა იქნება, რადგან მათ ფული რაიმე ტიპის წყვეტაში არ გადაუხდიათ. შესაბამისად, სახეზეა ისეთი ტიპის საფრთხეები, რომელიც დადასტურების შემთხვევაში იქონიებს გავლენას არა მხოლოდ  ხვალინდელ საზოგადოებირვ მაუწყებელზე, არამედ იმაზეც, როგორი იქნება თავისუფლების ხარისხი  მედიაში.

როდესაც სხვა მაუწყებლიდან კადრების ინტეგრირებაზე საუბრობთ, ჯი-დი-ესს გულისხმობთ?

ამ კითხვებს მე არ ვსვამდი. ეს კითხვები ისმებოდა სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ, რომელთა როლი ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გუშინ. ისინი კითხულობდნენ, რომ ეს იგეგმება და თქვენ რას იტყვით ამაზეო. ეს შეკითხვები  დღეს არ გაჩენილა, ისინი გაჩნდა მაშინათვე, როცა ცნობილი გახდა ბატონი ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურის შესახებ. მე მაინც  იმედს ვიქონიებ და გულით ვგულშემატკივრობ იმას, რომ ახალ მენეჯმენტს მანამდე არსებულზე უკეთესი პროდუქტის გაკეთების ამბიცია ექნება, მაგრამ მეჩვენება, რომ უფრო სხვა ტიპის ინტერესები სძალავს ამას და ვნახოთ, თუ პროცესი არ იქნა გამჭვირვალე, ვერც ვერაფერს გავიგებთ. პირველ რიგში, პროცესის გამჭვირვალობას უნდა მივაღწიოთ.

ამ ეჭვებზე, რომლებზეც ახლა საუბრობთ, ალბათ, მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრაზეც ილაპარაკეთ. მათ რა არგუმენტები ჰქონდათ?

მენეჯმენტის ნაწილს ჩვენ შევხვდით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო წინადადებების საკითხზე,  რომელიც ცალკე პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ამ საერთო სურათს უკავშირდება. ესეც არ უნდა გამოგვრჩეს ყურადღების მიღმა.  შეხვედრის დროს დადასტურებულად არ ვიცოდით, რომ ყველა პროგრამა იხურებოდა და ყურადღება არ გაგვიმახვილებია. ეს უფრო შემდგომი ინფორმაციაა და ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო საზოგადოების ყურადღების მობილიზება სანამ შედეგი დადგებოდა. იმ შეხვედრის დროს ჩვენ არ გვქონდა ამაზე დადასტურბული ინფორმაცია. ამიტომ ჩვენი აქცენტები ამ შეხვედრაზე აბსოლუტურად სხვა მიმართულებით იყო, მაგრამ ეს მიმართულება, ანუ საკანონმდებლო ცვლილებები, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაზეც ახლა გავაკეთეთ განცხადება (სტრქტურულ, საკადრო და პროგრამულ ნაწილზე), რაც შესაძლოა მაუწყებელზე განხორციელდეს. მე მინდა ხაზი გავუსვა სამეურვეო საბჭოს იმ განსაკუთრებულ როლს, რომელიც ფუნქციურად ჯერ კიდევ აქვს მას და ვერ ექნება, თუ კანონში ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ დღეს მას ეს ფუნქციები  გააჩნია, ამიტომ მისი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული. პირველ რიგში, მნიშნელოვანია საჯაროობა და შემდეგ უკევ იმ გეგმის დაცვა, რომლითაც 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ეს მათი პასუხისმგებლობაა. პრიორიტეტიების  დადგენა დააგვიანეს, მაგრამ უკვე არსებობს პრიორიტეტების შესახებ დოკუმენტი  და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეურვო საბჭომ შეასრულოს ის ფუნქციები, რომლებიც მას აქვს.

თქვენ მედიაკოალიციის სახელით შეგიძლიათ გვითხრათ, რომ არ უჭერთ მხარს ინიცირებულ საკნონმდბელო წინადადებებს?

მედიაკოალიცია ელოდება, რომ ამ მიმართულებით [საკანონმდებლო წინადადებები] გადაიხედება, რადგან არგუმენტაცია ძალიან სუსტი და პრობელმურია. ჩვენ ვითხოვდით ამ პროცესში ჩართვას, მაგრამ იურიდიული კომიტეტი სამუშაო ჯგუფში ამ დრომდე არ ჩაგვსვა.

 


საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის პოზიცია გადაცემების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი