ახალი ამბები

გიგაური: მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის გამოძიებაზე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს

3 თებერვალი, 2017 •
გიგაური: მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის გამოძიებაზე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ პროკურატურამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძება ისე, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

ეს განცხადება ეკა გიგაურმა პრეზიდენტის სასახლეში მართლმსაჯულების მესამე ტალღაზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

“ის გამოძება, რომელიც დაიწყო პროკურატურამ, ცხადია, უნდა დასრულდეს და ამ გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. რუსთავი 2-თან დაკავშირებით უკვე დაგროვდა ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი და ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს პროცესი არის პოლიტიკურად მოტივირებული, კითხვის ნიშნები უკვე აღარ რჩება,”- განაცხადა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე აღიძრა.

პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრები არიან. უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმე სწორედ დიდ პალატას აქვს გადაცემული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი